საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით.
ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.