საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს. დღესდღეობით კონკრეტულ რეკომენდაციებზე ჩვენ შეთანხმებული არ ვართ. როგორც მოგეხსენებათ, ამ ინტენსიური კომუნიკაციების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ არ უნდა გაუარესდეს ეპიდსიტუაცია და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ სრული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.