სიმონ (სიომა) მაჭავარიანის
კახთ-მაჭავარის ხსოვნას
1970 წელი. გარდაბანი. ლეგენდარული ალექსი ბექაურის სელექტორის ზარის ხმა გაისმა: - გისმენთ, ალექსი სიმონის ძევ, მკვირცხლად მივუგე.
-თუ დაკავებული არა ხარ, ჩემთან ამოდი.
- ახლავე.
კიბეებს სირბილით ავუყევი და პირველი მდივნის მისაღებში გავჩნდი. მცირეოდენი ლოდინის შემდეგ სელექტორში ისევ ჩემი გვარი გავიგონე - ონიანი შემოვიდეს.
კარში კი შევდიოდი, მაგრამ თვალები უკან მრჩებოდა: პირველი მდივნის მისაღებში შავი „კრეპის“ კოსტუმში, შავ „მოკასინებში“, თავზე ყორანივით გვერდზე გადავარცხნილი თმით და ორი მეტრის სიმაღლის, ასეთი მოხდენილი ახალგაზრდა იშვიათად დამინახავს პარტიულ თუ სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
- ვაი თუ, მეტი ვეღარ შევხვდე ამ ახალგაზრდას, - გავიფიქრე გულში და შევაღე კარი პირველი მდივნის კაბინეტში.
ისე, რომ ზედაც არ შემოუხედავს, ულამაზეს თითებში მოქცეული ლამაზი კალმით, რაღაცის ჩანიშვნას აკეთებდა იმ რვეულში, რომელიც არავის წაუკითხავს, მაგრამ ჩანაწერის გამკეთებელი ბევრს უნახავს და ყველა თავისთვის ფიქრობდა ალბად - ვაი თუ, ჩემზე რამე ცუდი ჩაინიშნაო.
- „ხაზეინ“! - ასე გვეძახდა დიდი „ხაზეინი“ პატარა „ხაზეინებს“, რომლებსაც პატარ-პატარა საქმეები გვებარა.
- ტაბახმელის ბიოკომბინატი თუ იცი, სად არის? - მე ჯიუტად ხმა არ გავეცი, რადგან მისგან ეს კითხვა დაცინვად მივიღე. ბატონ ალექსის სწრაფი რეაქცია ჰქონდა და მიხვდა მიმართვის არამართებულობაში და იქვე გამოასწორა.
- ალბათ შენც გაიარე რამდენიმეჯერ იმ გზაზე, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ უპატრონოდ ყრია და ნადგურდება სახელმწიფო დოვლათი ამ გახურებულ მკათათვეში. წადი, და როგორც შენ იცი, ისე შეახურე დირექტორი და თუ საჭიროდ დაინახო, ბიუროზეც კი ჩამოათრიე.
- ამხელა უფლების მოცემით გათამამებული, რაიონის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი, ცოტა არ იყოს და ამბიციაში შევედი.
ალექსი სიმონიჩ, მისაღებში ერთი უვაჟკაცესი და უმშვენიერესი ახალგაზრდა კაცი გელოდებათ, თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ, ხომ არ მეტყვით, ვინ არის? რომელიღაც მსახიობს მაგონებს.
ბატონმა ალექსიმ ამაყად თავი მაღლა ასწია და მედიდურად გადმომხედა.
- მოგეწონა?
- ძალიან, ვუპასუხე მე.
- მალე ის შენი მეგობარი იქნება. აბა, გრიშა, - პირველად გავიგე, რომ ბატონ ალექსის ჩემი სახელი სცოდნია, რადგანაც ყოველთვის გვარით მომმართავდა. - საქმეს მიხედე, მე გვიანობამდე აქ ვიქნები.
მეორე დღეს ჩვეულებრივზე ადრე, ჩემ საწოლთან ტელეფონის ზარი გაისმა. გამარჯობათ ბატონო გრიშა - მე სიმონ მაჭავარიანი გაწუხებთ. გარდაბნის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი.
- გამარჯობათ - თქვენ ის ახალგაზრდა ხომ არ ბრძანდებით, გუშინ ბექაურის მისაღებში რომ იყავით?
- დიახ, მე გახლავართ. დღეიდან გარდაბნის ახალგაზრდობის თავკაცი და მუშაობასაც თქვენგან ვიწყებ, - მიპასუხა მდივანმა.
- ამხანაგო მდივანო, მე კომკავშირი 1957 წელს მივატოვე და შევედი კომუნისტური პარტიის რიგებში. დღეს 1970 წელია და რაღა დროს ჩემი კომკავშირია?
- ბატონო გრიშა, ეს დავალებაა (მივხვდი, ვისი დავალებაც იქნებოდა).
- სამსახურში თუ წაბრძანდებით? არ მეშვება ახალი „უფროსი“.
- მანქანას ველოდები და მალე წამოვალ.
- მე გამოგივლით, ბატონო გრიშა, საჭესთანაც თვითონ ვზივარ. მე წაგიყვანთ სამსახურში და გზაშიც ცოტას ვისაუბრებთ.
- კეთილი, ბატონო მდივანო - სიცილით ვუპასუხე მე.
ცოტა ხანი და ეზოდან შეძახილი მესმის - ბატონო გრიშა! ბატონო გრიშა! გადავიხედე და ეზოში მანქანიდან გადმოსული, თვალებზე ხელმოჩრდილული სიმონი დავინახე. სწრაფად დავეშვი კიბეზე და ეზოში ძველი მეგობრებივით ერთმანეთს გადავეხვიეთ. მანქანის კარი გამომიღო და მიმიწვია თავის საკუთარ თეთრ „ჟიგულში“.
დღეს 2020 წლის 22 მაისია. დილის 9 საათზე სიომას შვილმა, ბაბუის მოსახელე, ვახტანგ მაჭავარიანმა დამირეკა - გრიშა ბიძია, მამა გარდაიცვალა.
ასე დაიწყო და ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების ულამაზესი 50 წელი - 1970-2020 წლები, რომლებიც სიომასთან განუყრელ მეგობრობაში გავატარე.
ერთხელ ჩემმა მეგობარმა, არჩილ გოგელიამ მითხრა: - „გრიშა, არ მიყვარს შენი დაწერილი მოსაგონარის კითხვა, ძალზე სენტიმენტალურია და გული მიკვდება“.
ჩემი შვილი დათუნა ისე დავმარხე, ცრემლი ბოლო დღემდე არ გადმომვარდნია თვალიდან და თუ ვინმეზე შემიძლია სენტიმენტალობა, ეს პირველი და უპირველესი ჩემი სიომაა, ჩემი სიყრმე, ჩემი იმედი, ჩემი გამკრიტიკებელი, ჩემი მაქებარი, ჩემი დავიწყებულის შემხსენებელი, ჩემი ყველა წინადადების, წერილის, წიგნის, ანეგდოტის თუ კალამბურის წამკითხველი და გულშემატკივარი.
„გინახავთ ფერი დაბინდულ ქლიავის?“ - ეს ჩემი სიომა მაჭავარიანია, გინახავთ სიყვარული? „რომელიც წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს“ - ეს ჩემი სიომა მაჭავარიანია, შეგხვედრიათ გზაზე ოთარაანთ ქვრივი, ხელში რკინის ჯოხით და ფეხზე რკინის ქალამნებით - ეს სიომა მაჭავარიანია, ყველას დამხმარე და ყველას გვერდში მდგომი. სიმართლისათვის ხელში ჯოხის ამღებიც და ფეხზე რკინის ქალამნების ჩამცმელიც.
სიომა - ფრთხილი და გაბედული,
მომლხენი დ ხშირად ზომაზე მეტად თავშეკავებული,
მეგობარი და არა მტერი,
ენამწარე და საქმეტკბილი,
გადაჭარბებული მაქებარი, მაგრამ საერთოდ უთქმელი ნაკლზე,
სიომა - ზეინკალი, სიომა - მშენებელი, სიომა - ქორეოგრაფიის ტრფიალი,
სიომა - კომკავშირელი აქტივისტი, სიომა - კომკავშირის ცეკას ნომენკლატურული მუშაკი, სიომა - ახალგაზრდობის ლიდერი, სიომა - გამორჩეული პარტიული მუშაკი, უმაღლესი რანგის პროკურორი, გენერლის ტიტულით, კოლეგიის წევრი, სიომა - სანიმუშო მეგობარი და სანიმუშო ოჯახის შემქმნელი და საუკეთესო შვილების აღმზრდელი.
სიომამ ეშმაკის გზა ქრისტიანული მორალის უმაღლესი გამოხატულებით გაიარა და მისცა მაგალითი ყველას: - თუ გინდა, იყო პატიოსანი, არაფერ შუაშია გარემო.
ბატონმა სიმონმა ბოლომდე უერთგულა შექსპირს და შეასრულა პატიოსნების უმაღლესი პრინციპი: - „ქალწულმა ქალმა მარტო მთვარეს რომ გადუშალოს თავის გულმკერდი, უბიწოებას მითაც შებღალავს“.
სიმონ მაჭავარიანი მაჭავარიანთა იმ შტოს ეკუთვნის, რომლებმაც დაუმტკიცეს ერეკლე მეორეს, რომ პატიოსნებით უფრო შეიძლება კაცმა გმირობა მოიპოვოს, ვიდრე გმირობით - პატიოსნება. სწორედ ამისთვის უბოძა ქართლ-კახეთის მეფემ პატარა კახმა ქვეყნისათვის და მეფისათვის გამოჩენილი ერთგულებისათვის კახთ-მაჭავრობა და დაუტოვა სიგელ-გუჯრები, რომლებიც საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში კახთ-მაჭავართა ლეგენდარულ მუხის ხეში გამოჩუქურთმებულ სასახლეში დღესაც ინახება.
რა წაიღო სიმონ მაჭავარიანმა ამქვეყნიდან?
- სისპეტაკე, მყინვარზე დადებული თოვლისა,
- სიძლიერე ენგურისა.
ერთად დაგტირით მე და ჩემი საყვარელი დათუნა, რომელიც აგრერიგად გიყვარდა.
შენი გრიშა ონიანი.