იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.
ამ დროისთვის, გელათის კომპლექსში აღდგენილია გელათის აკადემია, აღმოსავლეთის და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის არქიტექტურული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. პროექტის ფარგლებში მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ქვის კონსერვაცია და სრული გადახურვა თავდაპირველი მეთოდით და მასალით, უკვე დასრულებულია. მოჭიქული ფერადი კრამიტი გელათის არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოჩენილი ასლების მიხედვით არის დამზადებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და იკომოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში აღმოიფხვრა მოხატულობის ბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებები, კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს.
გელათის რეაბილიტაციის სამუშაოებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი", „საქართველოს მემკვიდრეობა", სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია კონსერვაციის ცენტრი და „იკორთა 2007" ახორციელებს.