logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: პოლიციელისთვის ისეთი შეურაცხყოფა რომ ვინმეს მიეყენებინა, რაც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, წარმოგიდგენიათ მერაბიშვილის სადისტების ხელში რა ბედი ელოდა?
- +

27 მაისი. 2020. 01:20

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა, “Post TV”- ის  ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“  2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.

 

 

 - როგორი იყო შენი 26 მაისი, რა ხდებოდა ამ დღეს?

 

 

- ცოტა ძნელია გასახსენებლად. არსებობს ვიდეო, რომელიც „25-ე არხმა“ გადაიღო, სადაც კადრებში ნათლად ჩანს, მე და ჩემი კოლეგა, ბექა სივსივაძე, როგორ გავრბივართ თავისუფლების მოედნისკენ და მეტრნახევარი მანძილიდან, როგორი გავეშებულები დაროგორიდამიზნებით გვესვრიან რეზინის ტყვიებს სპეცრაზმელები.

 

 

- იქ შენს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდი....

 

 

- იქ  ვიყავი როგორც ჟურნალისტი, შეიარაღებული დიქტოფონით, ფოტოაპარატით და ა.შ.

 

 

- შენი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო?

 

 

- აბსოლუტურად შესაძლებელი იყო. მეცვა შესაბამისი ჟილეტი და ხელში მეკავა ფოტოაპარატი. როდესაც მერიის განცხადება  წაიკითხეს და ხალხმა მეტნაკლებად გაშლა დაიწყო სხვადასხვა გასასვლელებისკენ, მე და ბექა წამოვედით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მხარეს და  დავინახეთ, რომ  სპეცრაზმი იდგა.  საბუთიც ვაჩვენეთ, ვუთხარით, ხმამაღლა დავუყვირეთ,  რომ  ჟურნალისტები  ვიყავით. გზა ჩაკეტილი იყო და გაგვიშვეს დაბლა, მერიისკენ. წავედით. იქიდან წამოვიდნენ უკვე დათა ახალაიას შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ყვირილისა და შეძახილებისა, რომ ჟურნალისტები ვიყავით, უფრო მეტად, გავეშებით მოგვდევდნენ ფეხდაფეხ. დაახლოებით 50 სპეცრაზმელი გაშლილად მოდიოდა, მაგრამ 4-5 მე და ბექას გამოგვეკიდა. 

 

 

37-38 ნატყვიარი ჰქონდა ბექას და 33 - მე.   რეზინის ტყვიებით ვიყავით დაცხრილულები თავზე, სხეულზე, ტყვიისგან ბექას ყური ჰქონდა მთლიანად მოხეული. თავისუფლების მოედანზე დავკარგე  გონება. როდესაც მოვედით გონზე  თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც დღეს ყვავილებს ყიდიან, ე.წ  ხამუთებით ვიყავით დაბმულები მეც, ბექაც და დაახლოებით 5-6 ადამიანი. ერთად ვიყავით, ჯგუფურად დაყრილები. როდესაც მომიახლოვდა ერთ-ერთი სპეცრაზმელი,  მკითხა პირადობა თუ გაქვსო. ჟურნალისტი რომ ვიყავი, მანამდე უკვე მქონდა ნათქვამი. ამომიღეს ჯიბიდან ყველანაირი საბუთი, თუკი რამ მქონდა ჯიბეში, წავიდნენ და რომ მობრუნდნენ, მკითხეს - „ეს შენ ხარ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტიო?“  და უფრო გამეტებით დამიწყეს ცემა.

 

 

როდესაც ბურჯანაძის ესკორტიც ჩავლილი იყო  და ლიდერები უკვე წასულები იყვნენ, ავტობუსებისკენ წამოგვიყვანეს.  სპეცრაზმელების ალყაში იდგა ირაკლი გედენიძე, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა. ირაკლიმ მიცნო. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ცოცხალი ვარ, ირაკლის დამსახურებაა! ირაკლიმ,  - ჟურნალისტია, გაუშვითო და სწორედ ამ ცემა-ტყეპის და შეურაცხყოფის შემდეგ გაგვიშვეს.

 

 

ვიყავით ალექსანდრე გეჯაძესთან, რომელსაც კერძო ექსპერტიზის ბიურო ჰქონდა. ის გვერდში ედგა ყველა დაზარალებულს. სამხარაულის ბიურომაც ვერ შეძლო და თვალი ვერ დახუჭა იმ დაზიანებებზე, რაც  გვქონდა. რეაბილიტაციის ცენტრში დავდიოდით. დღესაც ვერ ვხმარობ მარჯვენა ხელს ისე, როგორც უნდა ვხმარობდე. შეიძლება 5-7 წუთი ვწერო  და მერე უკვე მტკივდება. თავში დღესაც დაზიანებები მაქვს. საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღმოგვაჩნდა მეც და  ბექასაც.

 

 

- თქვენ გიცნეს თუ მარაქაში გაგრიეს?

 

 

- თავიდან მარაქაში გაგვრიეს, მაგრამ როცა მიცნეს და გაიგეს, რომ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ვიყავი, ორმაგად მცემეს.

 

 

- რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ამბავი, რომელზეც განაჩენიცაა დამდგარი და თითქოს ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაინც გავახსენოთ ხალხს?

 

 

- ესაა ჩვენი ისტორია. მოსწონს ვიღაცას ეს თუ არა, ჩვენი სისხლიანი ისტორიაა!. ეს უნდა ახსოვდეს სწორედ იმ ახალგაზრდა თაობას, რომელიც პოლიციის ერთი ყურის აწევაზე და კანონის დაცვის მოწოდებაზეც კი ფაფხურობს. შეურაცხყოფა იყო ის, რაც 7 ნოემბერს მოხდა!

თქვენ წარმოგიდგენიათ, ვინმეს რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტს  პოლიციელისთვის იმ დონის შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა, რაც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, როდესაც ჩაჩქანში ჩაარტყა, თქვენ წარმოგიდგენიათ იმ პოლიტიკურ  მოღვაწეს მერაბიშვილის სადისტების ხელში რა ბედი ელოდა?  ამიტომ არის სწორედ გასახსენებელი...

 

იმ მოწოდებებს და სცენებს, პოლიციელების შეურაცხყოფას, რაც ივნისის დღეებში ხდებოდა, წარმოგიდგენიათ, რა რეაგირება მოჰყვებოდა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების პერიოდში? ადგილზევე დახვრეტდნენ და ნულოვანი ტოლერანტობა იქნებოდა კიდევ უფრო დიდი მოგონება...

 

 

დღეს შეიძლება გვეღიმება, რაღაცეებზე ვსაუბრობთ, თუმცა ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის გასახსენებლად... მართლა „ბართლომეს ღამე“ იყო, ისეთი უბედურება ტრიალებდა... 7 ნოემბერიც გამომივლია, მაგრამ მსგავსი რამ, რაც 26 მაისს ხდებოდა, პიკი იყო...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner