თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში სითი პარკის შესახებ ისაუბრა:
„ჩვენი წინამორბედების მიერ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი არის ძალიან კაბალური, რომელიც აბსოლუტურად ერთი კომპანიის ინტერესებზეა მორგებული. შესაბამისად, ეს კომპანია უფრო მეტ შემოსავლებს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტს რჩება და სხვას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს ამ ბიზნესში. როცა მერიას აქვს ხელი მოწერილი და მათი სამართალმემკვიდრე ჩვენ ვართ, ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ სასამართლოში. ამიტომ სასამართლოში წასვლას აზრი არ აქვს. რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, ისაა, რომ სითი პარკისთვის ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია.
როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით სითი პარკს და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს. ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500-იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლო ავტომანქანებისგან. ეს, ბუნებრივია, ავტომობილების მფლობელთა გულისწყრომას გამოიწვევს:
როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე - როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა ავტომობილს. მოვუწოდებ სითი პარკს, ალტერნატიული პარკირების ადგილები გააჩინოს," - განაცხადა ნარმანიამ.