10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში „სენტა პეტროლიუმის" საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმემ, დავით კეზერაშვილის ყოფილმა მოადგილემ მამუკა მუჯირმა მისცა ჩვენება. მან პიქსელის შენობაში მომხდარ იმ ფაქტებზე ისაუბრა, რისი თვითმხილველიც თავად იყო:
2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა და ძებნილმა დავით კეზერაშვილმა „სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლები დაიბარა ე.წ. „პიქსელი"-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს "სენტა პეტროლიუმის" და შპს "ბემონის" აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოსთხოვა. უარის შემდეგ, 2012 წლის მაისში კომპანიის ორივე დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს. საბოლოო ჯამში, დავით კეზერაშვილმა აღნიშნული ბიზნესი ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა. სწორედ ამ წართმეული ქონების ბაზაზე შეიქმნა კომპანია „გალფი", რომლის მფლობელიც დავით კეზერაშვილი გახლავთ და რომელიც ბაზარზე დღემდე ოპერირებს.
მამუკა მუჯირი: „ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს ვიცნობ დაახლოებით 10-15 წელიწადია. მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. ასევე ვიცნობ დავით კეზერაშვილსაც, რომელიც 2003, თუ 2004 წელს გავიცანი. შემდგომი მე ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ და მანამდეც ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და შემდგომში ჩემს მინისტრად დაინიშნა. 2 წელი ვიმუშავეთ სამინისტროში. სამინისტროდან წამოსვლის შემდეგაც ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან.
2010 წელს, თუ არ მეშლება ნოემბრის ბოლოს, 23 ან 24 რიცხვი იყო დამირეკეს იაკობიძემ და მიმინოშვილმა. მივედი მათთან ოფისში მიცკევიჩის ქუჩაზე და მომიყვნენ, რომ დაბარებული ჰყოლიათ პიქსელის შენობაში კეზერაშვილს და მოუთხოვია მათი კუთვნილი ქსელის მისთვის გადაფორმება.
მოსამართლე: რას ნიშნავს დაბარებული ჰყოლია? ასე იბარებდა კეზერაშვილი ხალხს? ვინ იყო კეზერაშვილი იმ დროს, რომ ვინმე დაებარებინა?
კეზერაშვილი იმ დროს თანამდებობაზე აღარ მუშაობდა. იყო ჩვეულებრივი რიგითი ბიზნესმენი. ზოგადად, იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი როდესაც დაიბარებდა გასაგები იყო, რომ იქ ბიზნესს დაათმობინებდა, თუ სხვა რაღაცას იზამდა მგონი, ყველასთვის ცნობილია, როგორც ხდებოდა ხოლმე ასე ვთქვათ ბიზნესის „ახევა".
სხვის შემთხვევაში რას შვებოდა არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ დაურეკეს, დაიბარეს კეზერაშვილთან პიქსელის შენობაში, მეათე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, სადაც შეხვედრია და მოუთხოვია, რომ თქვენი ბიზნესი უნდა წავიღოო.
თავიდან, მე რამდენადაც ვიცი, უთქვამს, რომ 28 მილიონს გადაგიხდით და უნდა მომყიდოთო. ერთი დღე მისცა მოსაფიქრებელი ვადა. ბიჭებმა მე მითხრეს, რომ არ უნდოდათ საერთოდ გაყიდვა იმიტომ, რომ იმ პერიოდში, რამდენადაც მათგან ვიცოდი, თვეში დაახლოებით 10 მილიონის, თუ მეტის მოგება ჰქონდათ. მთხოვეს, იქნებ მიხვიდე, შენ ახლოს ხარ მაგასთანო. იქნებ მიხვიდე და თხოვო, რომ თავი დაგვანებოსო. თემა ეს იყო.
იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ, ვერ დაამთავრებდნენ კარგად.
მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს.
შემდეგ დღეებში, ამ მოვლენებიდან სადღაც ერთი თვის ფარგლებში ისევ დამირეკეს იაკობიძემ და მიმინოშვილმა და მითხრეს, რომ ყოველდღე იბარებდნენ იქ. ხან კეზერაშვილი ხვდებოდა, ხან კეზერაშვილს პარტნიორები ჰყავდა ებრაელები, გვარები აღარ მახსოვს. ძირითადად ისინი ზემოქმედებდნენ მათზე.
შეხვედრები იყო პიქსელის შენობაში, ძირითადად მეცხრე სართულზე, მოლაპარაკების დარბაზი ჰქონდათ და ის ებრაელი პარტნიორები იქ ისხდნენ. თუ არ მეშლება, რატი ჭელიძე იყო იურისტი მათი მხრიდან, ვისგანაც მოდიოდა აგრესია ამათ მიმართ. თუ არ მეშლება, ორი, ან სამი ეგეთი შეხვედრის დამსწრე ვარ.
იქ მუდმივი მუქარა იყო, რომ ციხეში წავიდოდნენ, ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ და ა.შ. ეს მოდიოდა იმ პარტნიორებისგანაც და კეზერაშვილისგანაც.
მოსამართლე: კეზერაშვილთან ოფისში იჭერდნენ ხალხს?
მამუკა მუჯირი: არა, იქ ოფისში არ იჭერდნენ, მაგრამ გამოვიდოდა იქიდან, ჩაუდებდნენ რაღაცას და დაიჭერდნენ, რა პრობლემა იყო მათთვის.
როგორც ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი, დაითანხმეს იმ 22 მილიონზე და მოაწერინეს ხელი."