სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (II ეტაპი). ამ ეტაპზე ასფალტბეტონის საფარის მეორე ფენა იგება. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსაწრეტი მილები, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტები, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს.
ასევე მიმდინარეობს ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგება 3 069 მერტი ასფალტბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2021 წლის მარტში დასრულდება.
ბანძა–ვედიდკარი–მუხურჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტბეტოსნის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 5 953 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. პროექტის ღირებულებამ 1 433 820 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები სს „არქეოპოლისმა“ შეასრულა. მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის, ონოღიის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ონოღიის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN“ ახორციელებს. პროექტის მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.