უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოდესის ერთ-ერთ რესტორანში ოდესის პოლიციის სამძებროს თანამშრომლებმა დავით ნუგზარის ძე გერლიანი დააკავეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც „კანონიერი „ქურდი" მეტსახელად „სვანი".
დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავებულს თან ჰქონდა უკრაინის მოქალაქის პასპორტი - სავარაუდოდ, გაყალბებული, რომელიც გაცემულია დავით ჩაჩიბაიას სახელზე.
„პასპორტის აღების კანონიერებასა და მის ნამდვილობასთან დაკავშირებით დამატებით შემოწმებას ვახორციელებთ. დაკითხვისას, გერლიანმა აღიარა, რომ „კანონიერ ქურდად" აკურთხეს. ქართული კანონმდებლობით, ეს უკვე საკმარისია, რომ ის რამდენიმე წლით ჩასვა ციხეში. უკრაინაში ასეთი აღიარება არ გაძლევს უფლებას, ის პასუხისგებაში მისცე. პოლიციამ ის უკრაინიდან გააძევა, ახლა ბრუნდება საქართველოში, საიდანაც არის წარმოშობით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს შსს მას დააკავებს და იგი არ აღმოჩნდება სხვა ქვეყანაში, საიდანაც უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს", - წერს ხატია დეკანოიძე.
ამასთან, «Прайм Крайм»-ის ცნობით, შარშან, შემოდგომაზე გერლიანი მოსკოვში დააკავეს და არალეგალი მიგრანტების სპეცგანყოფილებაში მოათავსეს. სასამართლომ მისი საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოიტანა. მაშინ 43 წლის „კანონიერმა ქურდმა" აღნიშნა, რომ პატიმრობაში 20 წელი აქვს გატარებული.