logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: კორონავირუსის კრიზისმა ე.წ. ციხის კადრების მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაცია მოახდინა
- +

29 მაისი. 2020. 13:35

 

 

 

“კომპანია „გორბის" მიერ ჩატარებვული კვლევის შედეგები დიდწილად განპირობებულია კორონავირუსის კრიზისით. კორონავირუსი კი თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეპიდემიოლოგიური კრიზისია; სწორედ ამ დროს „ქართული ოცნების" მთავრობამ, მოახდინა მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი კრიზისული მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკების დემონსტრირება, ამიტომ ვხედავთ ჩვენ ამ რეიტინგის ზრდას" - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში" სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც დაინტერესებულია სოციალური და პოლიტიკური პროცესებით, გრძნობდა ამ ტრანსფორმაციას და ნდობის მკვეთრ ზრდას „ქართული ოცნების" და პარალელურად  თვალს ადევნებდა ოპოზიციის პოლიტიკას.

 

 

 „რას აკეთებდა ოპოზიცია ამ დროს: ოპოზიციამ არათუ გამოუცხადა სოლიდარობა ხელისუფლებას, როგორც ეს ბევრ ნორმალურ ქვეყანაში ხდებოდა, არც შეიმუშავა რაიმე ალტერნატიული მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლის. ოპოზიციამ აირჩია სხვა სტრატეგია - ნაცმოძრაობამ სამიზნე ჯგუფად აირჩია ავანგარდში მყოფი დიდი სეგმენტი, რომელიც შედგებოდა იმუნოლოგებისგან, ვირუსოლოგებისგან, ექიმებისგან, მოკლედ ყველა იმ ადამიანისგან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში" - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

 

 

 მისი თქმით, სწორედ ამ სტრატეგიამ განაპირობა მმართველი გუნდის რეიტინგის მკვეთრი ზრდა და ოპოზიციური ჯგუფების ნდობის ასევე მკვეთრი ვარდნა.

 

 

„კორონავირუსის კრიზისმა მოახდინა იგივე, რაც თავის დროზე ე.წ. ციხის კადრებმა, როცა მოახერხა მობილიზაცია საპროტესტო ენერგიის. მაშინ ეს პროტესტი იყო მიმართული მმართველი პარტიის მიმართ, ახლა კი ოპოზიციის. უბრალოდ, ამ ვითარების თავისებურება ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას „ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. ერთ მხრივ, პროტესტის მობილიზაცია მოხდა ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, მეორე მხრივ კი მოხდა ამ პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია" - მიიჩნევს ვალერიან გორგილაძე.

 

 

სოციოლოგის შეფასებით, ეს დინამიკა შენარჩუნდება და მოსალოდნელია კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით პოტენციალი აქვს.

 

 

„მოსახლეობა საღად და ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას, აცნობიერებს, რომ არის ბევრი მწვავე სოციალური პრობლემა და ამის მიუხედავად, უმრავლესობა ირჩევს მმართველ პარტიას. აქ საფრთხეა როგორც სახელწმიფოსთვის, ასევე მმართველი პარტიისთვის, ვინაიდან სუსტი, არაკომპეტენტური, დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში ვერავინ ახორციელებს ქმედით კონტროლს ხელისუფლებაზე. პოარადოქსი იმაშია, რომ „ქართულმა ოცნებამ" თვითონ უნდა მოძებნოს რესურსი, რათა მოახდინოს ქმედითი კონტროლი და მონიტორინგი სახელმწიფო ბიუროკრატიაზე." - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ „ღია ეთერში".

 

 

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner