logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კომპეტენციისგან აბსოლუტურად დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია
- +

29 მაისი. 2020. 20:45

 

 

 

კომპეტენციისგან აბსოლუტურად დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, ცდილობს, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას დაავიწყდა კითხვები და გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში.

 

პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო - რთულია რაღაც დასკვნის გაკეთება. მესმის ადამიანების, რომლებიც ყველაფერ ამას უყურებენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის ინტერპელაცია. ეს ადამიანი მოელოდნენ, რომ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, ბევრ რამეზე. ყველას დაავიწყდა კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გავიგე და გვესმის ყველას, რომ ეს პარლამენტია. გავიგე, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად, დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ უამრავი გამოწვევა გვექნება. ამ პერიოდში ერთმანეთზე გადაბრალება რთულია.

 

მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა რამის თქმას ვაპირებდი, ახლა სხვანაირად მინდა, გამოსვლის ფორმულირება მოვახდინო. უმძიმესი საყურებელია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის. იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას ყველაფერს უყურებენ.

 

კომპეტენციისგან აბსოლუტურად დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს. ეს არის ჩვეულებრივი დასტური იმის, როდესაც, იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ შინაარსობრივად იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეს, ხდება ეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საპენსიო ფონდის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ საპენსიო ფონდი არის მოქალაქეების მოხუცებულობაში სოციალური გარანტია.

 

მე მინდა რეალურად ვთქვა ორიოდე სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს აქ იყო მცდელობა, რომ გასაღებულიყო, როგორც სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის პოზიცია. შოკურ კრიზისზე ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების დღეს ამოღებას და დახარჯვას. აღარ მინდა საერთოდ ამ საპენსიო რეფორმაზე და ფონზე საუბარი, მაგრამ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქეების მოხუცებულობაში სოციალური გარანტია, რომელიც თურმე, დღეს უნდა დავხარჯოთ. გარდა ამისა, ადამიანები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იძლევა დაპირებებს, რომლის ფასიც არის 16 მილიარდიან ბიუჯეტში 6.2 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს აყენებს ფაქტის წინაშე 14 პროცენტიანი დეფიციტის, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არანაირ საფინანსო მხარდაჭერას არ გაუწევს და მარტივად, ეს ნიშნავს იმას, რომ მაისის თვიდან ვერ გაიცემა პენსიები, ვერ გაიცემა ხელფასები პოლიციისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, შეწყდება მიმდინარე ოპერაციები, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დგება კოლაფსის წინაშე. ეს ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ეს არის ქვეყანაზე, გადასახადებზე, მეწარმეებზე, ბავშვებზე, სოციალურად დაუცველებზე ზრუნვისთვის და ა.შ.“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერის თქმით, ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელიც მთავრობამ დააანონსა, არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკლისებით გამოვიდეს ამ კრიზისიდან.

 

მისივე თქმით, კრიზისი არის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ქვეყანა გაუმკლავდეს გამოწვევებს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩატარდეს შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო არჩევნები.

 

კრიზისი არის ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობები, გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კრიზისის შემდგომ, ისე როგორც 2008 წლის შემდგომ ათობით ათასი ადამიანი არ გაღატაკდეს, რადგან მათ გადაიხადეს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად კონკრეტული თანხები და დარჩნენ საკუთრებების გარეშე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს კიდევ უფრო ძლიერი. რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ ინფექცია და Covid-19, სამწუხაროდ, იქნება ჩვენთან და უნდა შევძლოთ ადაპტაცია, რისკების მართვა, რათა არასდროს მოგვიწიოს ისეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება, როგორც ბოლო 2 თვეში და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. ეს არ იქნება მარტივი, მოგვიწევს ყოველდღიური შრომა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ქვეყანაზე უახლოესი 6 თვე, რომელიც იქნება უკიდურესად რთული, როგორც ეპიდემიის, ისე ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოების მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და კომპეტენტური.

 

ის რაც აქ დღეს ხდებოდა, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმის მაგივრად, რომ ობიექტური, შინაარსობრივი ოპონირება გაგიწიონ უბრალოდ იქცევიან, როგორც ინსტიქტებით, ემოციებით, გაბრაზებით მართული. ხელების ქნევით, ყვირილით და ასე შემდგომ, ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ, შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და კომპეტენტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner