ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა საპარლამენტო ოპოზიციის სისუსტის გამო წუხს. გოგავას თქმით, პარლამენტში მიმდინარე დებატები, სხვადასხვა მნიშვნელოვანო საკითხების განხილვა ძნელი საყურებელია, რადგან სიღრმისეული ანალიზის და პრობლემასთან გამკლავების გზებზე მსჯელობის ნაცვლად, საზოგადოება ე.წ. „შოუმენებს“ ხედავს, რომლებიც პოლიტიკისგან შორს არიან.
„სიმართლე ჯიუტია! მართლაც უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია.
თუმცა მმართველი ძალის ვალდებულებაა ყველაფერი იღონოს ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგაოდებრივი ძალების ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. ამას სჭირდება წარსულის რევანშისტული ძალების რეინკარნაციის მუდმივი მცდელობების შეჩერება.
გვესმის, რომ დისკრედიტირებულ ძალებთან ოპონირება კომფორტულია, მაგრამ საზოგადოება ვერ განვითარდება ჯანსაღი თემატური დებატების გარეშე. ჩვენ ხომ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური პროცესის წაყვანა ქუჩის, ტყუილების და ზერელე პოპულისტური მოწოდებების გარეშე. ჯანსაღი კამათი, კორექტული დისკუსია, მეცნიერების და პროფესიონალების მოსმენა, შეცდომის აღიარება და მისი ანალიზი, გეგმის შემუშავება და მისი დაცვა... აი ეს არის, რაც ქართულ საზოგადოებას სჭირდება, რაც მოგვცემს წინსვლის შესაძლებლობას... და ერთსაც დავამატებდი: "მოვუსმინოთ რჩევებს უცხოეთიდან და გავაკეთოთ არა ისე როგორც გვირჩევენ, არამედ ისე, როგორც ისინი საკუთარ ქვეყნებში აკეთებენ" - ნორვეგიელი ეკონომისტი ერიკ რაინერტი.“- წერს გოგავა.