დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს, რომ თბილისში, საბურთალოზე კორონავირუსის კლასტერის გაჩენის გამო, პანიკის საფუძველი არ არის.
„ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც; რომ შემთხვევათა მატება დასაშვებია და შესაძლებელია, იყოს ეს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ, არ ვიყოთ ძალიან ახლოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ მასთან ინტერვიუს დროსაც ირღვეოდა დისტანცია.
„ახლა ვარღვევთ, ძალიან ახლოს ვართ. აი, თქვენ არ ბრძანდებით ნიღბით. სულ ყველა უნდა იყოთ ნიღბებით“, – მიმართა მან ჟურნალისტებს.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ, მისი გუშინდელი დაკვირვებით, ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს, თუმცა მიკროავტობუსებში არა და გასაფრთხილებელი არიან ეს ადამიანები.
„გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. ანუ გაიზარდა სერიოზულად მობილობა. გუშინ მე ვაკვირდებოდი, ქალაქში როცა გადავადგილდებოდი, რამდენად იცავდნენ წესებს და გამიხარდა, ბევრ ავტობუსში რომ ვუყურებდი, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს. დღეს, ვიდრე სამსახურში მომიწევდა მოსვლა, დილით მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანის მიღების, რიგში დგომის და დამცავი საშუალებებით აღჭურვილობის ატრიბუტები.
თქვენი საშუალებით, მივმართავ საქართველოს საზოგადოებას, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები სამი, ხუთი, ათი, თხუთმეტი – ეს არ აარის პრობლემა, ეს მართვადია და ჯანდაცვის სისტემა ამას თავისუფლად მართავს. ყველა ნახავთ, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდებიან. ერთადერთი, არის რომ ძალაში რჩება სლოგანი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება „კოვიდთან“ ერთად, მოგვიწევს ეს. „კოვიდი“ დღეს და ხვალ არსად არ წავა, არც ამ წლის ბოლომდე არ გაქრება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა წესი. ახლა გაიხსნება ორშაბათს ღია რესტორნები, ახალგაზრდები ბრძანდებით და ვიცი, წახვალთ კაფეებში და ღმერთმა მოგცეთ ამის საშუალება, გაერთეთ, კარგია, მაგრამ ყველგან დავიცვათ წესები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.