საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა და მას ახალი 3431 მუხლი დაემატა. მუხლის მიხედვით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
ცვლილებების თანახმად:
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წლის 22 მაისს შევიდა და ის 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.
ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირისთვის “ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით”.
იურიდიული პირისათვის კი „ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას“.