ტრანსპორტის აღდგენიდან ისეთი მოკლე ვადაა გასული, რომ ამის შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ, ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მართალია, ბოლო პერიოდში იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე მივეჩვიეთ, მაგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთიდაიგივე კონტაქტთან არის დაკავშირებული და კონტროლირებადია სიტუაცია.
„ყოველთვის გვაშინებს ისეთი სიტუაცია, როდესაც ინფიცირებულის წყარო უცნობია და ამ დროს არის უკონტროლო გავრცელების რისკი“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
მაია ბუწაშვილის თქმით, ჯერჯერობით რაც ჩანს, ტრანსპორტი ძალიან გადატვირთული არ არის და ეს დადებითი ტენდენციაა.
„თუ ადამიანები მჭიდროდ იქნებიან ტრანსპორტში, ეს სერიოზულ რისკებს შექმნის“, - განაცხადა ინფექციონისტმა.
საქართველოში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.