დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
დღეიდან ქალაქში ღია კაფეები და რესტორნები, ბაზრობები და მოლები იხსნება. მერმა მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან სოციალური დისტანცია.
დღეიდან „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება განახლდა. განაცხადების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის სერვისცენტრებში ან მერიის ოფიციალური ვებგვერდზე: www.batumi.ge
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ინტენსიურად მიმდინარეობს ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები. ამ ეტაპზე სამუშაოები პარალელურად 15 ლოკაციაზე ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობისა და ზღვაში ჩამშვები მილის მონტაჟი. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს გონიო-კვარიათის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხორციელდება მაგისტრალური ხაზის მშენებლობა მეჯინისწყლიდან გონიოში მდებარე რეზერვუარამდე. ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე შენდება 2000 მ3 მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რეზერვუარი უზრუნველყოფს 1000-ზე მეტი აბონენტის 24-საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას თვითდენით. ასევე მიმდინარეობს წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩიდან მდ. მეჯინისწყლამდე.
სამუშაოების ღირებულება ჯამში დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, დაწყებულია მოსამზადებელი ღონისძიებები მომავალი წლიდან შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის დაწყების მიზნით.
ინტენსიურად მიმდინარეობს 44 ქუჩის, ჩიხისა და მონაკვეთის რეაბილიტაცია.
დასასრულს უახლოვდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც 2 კმ-მდე მანძილი სრულად კეთილმოეწყო. დარჩენილია ბოლო მონაკვეთის საგზაო მონიშვნისა და გამწვანების სამუშაოები.
დღეიდან განახლდა მუნიციპალური სასადილოების მუშაობაც. სასადილოებში დაცულია ყველა რეკომენდაცია. ბენეფიციარებს საკვების მიღება ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ.
8 ივნისიდან კი, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სასურსათო პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყება.
შეიქმნა მუნიციპალური ინსპექციის „ფეისბუქის“ გვერდი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ონლაინ რეჟიმში, აღნიშნული გვერდის საშუალებით შეუძლიათ.