logo_geo
eng_logo
დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
- +

1 ივნისი. 2020. 22:29

 

 

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

 

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საბურთალოს გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა. 

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მინდა, პირველ რიგში, ყველა პატარას მივულოცო. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გავხსენით. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. სხვათაშორის, წინა ხელისუფლების დროს ეს კონკრეტული ადგილი გამზადებული იყო გასაყიდად და რომ არა მოსახლეობის ჩართულობა და დედაქალაქის მაშინდელი მერი დავით ნარმანია, ეს სივრცე გაყიდული იქნებოდა და რამდენიმესართულიანი კორპუსი აშენდებოდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

 

ჩემი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების მიმართ ყველასთვის ცნობილია. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას ქალაქში და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოხდეს. ეს სკვერი კი არის საუკეთესო მაგალითი და საჩვენებელი, თუ როგორი უნდა იყოს მწვანე სივრცე. ძალიან მიხარია, რომ ამ სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და ჩვენ, მთელი ქალაქის მასშტაბით, გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან იყო მოწოდებები, რომ თანხები არ დაგვეხარჯა ატრაქციონებში, ხედავთ, რამხელა პოპულარობით სარგებლობს სკვერებში ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს საუკეთესო მომავალი ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

პროექტის შედეგად, 3 000 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.  რულონური ბალახი დაიგო, სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. აგრეთვე, შადრევანი, LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საპარკე სკამები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. სკვერში კაუჩუკისსაფარიან მოედანზე ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა.

 

 

სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 424 435 ლარი დაიხარჯა.

 

 

ახლადრეაბილიტირებული სკვერი, მერთან ერთან, დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner