პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს, არასწორს უწოდებს. მისი თქმით, პარტიაში თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს.
ამასთან, კალაძის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს შემდეგი მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრთა შერჩევა.
„ეს არის არასწორი ინფორმაცია. თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს. ჩვენთვის მთავარია საზოგადოებას შევთავაზოთ მომავლის სწორი ხედვა, როგორი იქნება ქვეყნის განვითარების გეგმა, რა პროექტები იქნება განხორციელებული. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი, ზოგი მაჟორიტარი, ზოგი სიით. როდესაც უკვე არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს, უკვე მერე გადაწყდება, ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტების კითხვას ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დროს გიორგი გახარია კვლავ პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არა, კალაძემ არ უპასუხა.
„გიორგი გახარია არის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. მან კონკრეტულ შემთხვევებში კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რამდენად დიდია მისი ჩართულობა ყოველდღიურ მენეჯმენტში. ეს დაგვანახა თუნდაც პანდემიასთან ბრძოლამ. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად, არის ხელისუფლების დამსახურება“, - განაცხადა კალაძემ.