„NDI არჩევნებამდე კვლევებს და ეგზიტპოლებს აღარ ჩაატარებს" - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამაში ის NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს დელეგაციამ დაარწმუნა.
„დღეს იყო ჩვენი პარტიის შეხვედრა NDI-სთან, ჩამობრძანდნენ სენატორები, კონგრესმენები, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბრძოლა ყოველთვის საჭიროა, ეს არის მაგალითი, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც არა მარტო ის ვიცით, რაც უნდა გაკეთდეს, ვიცით , როგორ.
თქვენ გახსოვთ, მთელი ამბავი იყო NDI-ს კვლევებზე. სულ ვამბობდით, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ვაჩვენეთ, რომ მოსახლეობის 67% საერთოდ არ ენდობა NDI-ს, ვაჩვენეთ, რომ 26%-მა საერთოდ არ იცის, ვინაა NDI და IღI. ეს შედეგები ჩვენ დავაგზავნეთ ყველა სენატორთან, ყველა კონგრესმენთან, ყველა ევროდეპუტატთან. აი, ჩამოვიდა NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს დელეგაცია, შედგა საუბარი და მათი პოზიციაა, რომ აღარ ჩაატარებს არავითარ კვლევებს და ეგზიტპოლებს არჩევნებამდე. ჩვენ ამაში დაგვარწმუნა NDI-ს სამეთვალყურეო საბჭომ და მე ვთვლი, რომ ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა"- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.