ავტორი თამაზ ჩიქვანაია
„განათლება ეკონომიკის მძევალია, ეკონომიკას კი მხოლოდ განათლება გადაარჩენს", - ეს სიტყვები ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების საპატიო წევრს მერაბ ჯიბლაძეს ეკუთვნის.
ბატონი მერაბი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამასთან, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მწვავედ ილაშქრებდა განათლების სისტემაში არსებული ნაკლოვანებების წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი საიტის, „რეპორტიორის" მეშვეობითაც.
მერაბ ჯიბლაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც დარგის, ისე ქართველი საზოგადოებისთვის, რომლის სიკეთისთვისაც მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ხმალამოღებული იბრძოდა.
„რეპორტიორი" მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერისა და ქართული საზოგადოების ერთგული წევრის მერაბ ჯიბლაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.
მერაბ ჯიბლაძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის ტაძრიდან ხუთშაბათს გამოასვენებენ.