თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 28 წლის წინ მოხდა. 1992 წლის თებერვალში, ძმებს და მათ მეგობარს ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. 1992 წლის 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მკვლელობას შეესწრო თორაძეების და თამარი, რომელიც მაშინ 13 წლის იყო. ის ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით აშშ-ში ცხოვრობს. საქმე გამოძიებული არ არის.