თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ მამაკაცთან ბოლო PCR ტესტის შედეგმა უარყოფითი აჩვენა და მიუხედავად ამისა, მძიმე შედეგი დადგა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოფოძემ განუცხადა, პაციენტს სხვა დაავადებებთან ერთად ჰქონდა ინსულტი, რომელიც კვლევებით თავდაპირველად არ ჩანდა.
"პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები - სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია. ასევე, ინსულტი, რომელიც თავიდან ისე არ ჩანდა კვლევებით, თუმცა შემდეგ დადასტურდა. ამან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო PCR ტესტი უარყოფითი იყო, დადგა მძიმე შედეგი”, - განაცხადა გოფოძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.