logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ვეცდებით, წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციები იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და რაციონალური
- +

4 ივნისი. 2020. 10:49

 

 

„უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჯერ არ არის დამარცხებული და მოდუნების უფლებას ვერ მივცემთ თავს. „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ ვიზრუნოთ მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად ახალ სიტუაციასთან ადაპტირებაა საჭირო.

 

„ნომერ პირველ საკითხად დაისვა პირბადე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული პირბადის ტარება. პროექტის ფარგლებში გავწერეთ მთელი რიგი საკითხები, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა დახურულ სივრცეში. საერთაშორისო სტანდარტები, ჯანდაცვის რეკომენდაციები მიუთითებენ, რომ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ პირი უგულებელყოფს ამ წესს, ამით რისკის ქვეშ დააყენებს თანამოქალაქეს. ჩვენი თვითმიზანი არ არის ფულადი სანქციის დაწესება. ჩვენი მიზანია პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ ვალდებულებას, რომელიც საზოგადოების წინაშე გვაქვს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, პირბადე საჭირო იქნება ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.  მისივე ინფორმაციით, ერთმანეთისგან გამიჯნულია რეგულაციები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

 

 

 

„გვსურს, საკითხი დავარეგულიროთ მაქსიმალურად დაბალანსებულად, რაციონალურად, რომ  ეს არ იყოს საზოგადოებისთვის დამატებითი ტვირთი, არამედ იყოს ეფექტიანი მექანიზმი, რომ ხელისუფლებამ შეძლოს აქამდე წარმატებით მიღწეული შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესოს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობაზე პარლამენტი საკომიტეტო მოსმენებისას იმსჯელებს.

 

„იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია მივალთ კონსენსუსამდე. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პრინციპი - მოქალაქეს რამდენი აქვს საშუალო შემოსავალი, რომ შესაბამისი წესის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელი  იყოს მის მიერ სანქციის გადახდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner