სპორტკომპლექს „არენის“ დარბაზში მიმდინარეობს ცნობილი ჟურნალისტის ზაზა დარასელის მე-16 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში.
20 ივნისს, ზაზა დარასელის დაბადების დღეს, ფინალურ მატჩში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტელეკომპანიების I არხისა და GDS-ის გუნდები. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. ტურნირი ტრადიციულია და მასში ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„ზაზას თასი“ ცხრაჯერ ზედიზედ მოიპოვა მეორე არხის გუნდმა, ორ-ორჯერ საპატრიარქოს ტელევიზიის - „ერთსულოვნების“ წარმომადგენლებმა და პირველარხელებმა იმარჯვეს, თითოჯერ მოიპოვეს თასი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ გუნდებმა.
წლევანდელი გამარჯვებული, მთავარ თასთან ერთად, 1000 ლარს მიიღებს. თასები გადაეცემა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარეს, მცველს და თავდამსხმელს. გამორჩეული იქნება სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული ჯილდო. ყველაზე კორექტულ გუნდს ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ტელეჟურნალისტის, ზვიად თხელიძის სახელობის პრიზი გადაეცემა.