„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კარგია, რომ ქვეყანა 2024 წელს მაინც გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა უკეთესი იქნებოდა, პროპორციული სისტემა 2020 წლისთვის ამოქმედებულიყო.
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს 2024 წელს მაინც გადავალთ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ რატომ 2024-ში? და რატომ არა დღეს? აი რატომ არ ვატარებთ ჩვენ 2020 წლის არჩევნებს პროპორციული საარჩევნო სისტემით. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ რაღაცა ერთგვარად ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ. როდესაც არის ოპოზიციური პარტია, აქვს ბევრი წინააღმდეგობა, თვითონ ხვდება რა ძნელია დამკვიდრება პოლიტიკურ ველზე. მარიამის ჯგუფი ახლა იწყებს დამოუკიდებელ მოღვაწეობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე და დამეთანხმება მარიამი, რამდენი სირთულეა და ჯერ კიდევ წინ აქვს ეს სირთულეები.
მე მინდა, მას ვუსურვო, წარმატებით გადალახონ ეს სირთულეები, მაგრამ მერე როდესაც ეს ძალა ან ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ყველაფერი ავიწყდებათ, რაც გადაიტანეს მაშინ, როცა იყვნენ ოპოზიციაში. რომ დაავიწყდათ ყველაფერი, ეს მე ვნახე მაშინ, როდესაც მე თვითონ ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ორჯერ სხვათა შორის“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დროს.
ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კარგი იქნებოდა, ისტორიული ცვლილებები უკვე 2020 წლიდან განხორციელებულიყო.