საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო ჩაკეტილი და რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა, მოლაპარაკებების შედეგად, სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი თქმით, ამ დროისთვის საფრთხე არავის ემუქრება და ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა.
„მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ. ამ დროისთვის მას უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც ვიზუალურადაც ეტყობოდა. ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. ამ ეტაპზე არავის საფრთხე არ ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.