მსოფლიოში არსებულ 14 ძირითად დამწერლობას შორის, ერთ-ერთი ქართულია, რაც ყველა ქართველისთვის საამაყოა, თუმცა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბრიტანულ ენციკლოპედია ,,ბრიტანიკას" ვებ-გვერდზე ქართული ანბანის შემქმნელად სომეხი მოღვაწე (სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი) მესროპ მაშტოცია მოხსენიებული.
„ქართული და სომხური დამწერლობა მეხუთე საუკუნეში სომეხმა წმინდანმა მესროპ მაშტოცმა შექმნა. ქართული დამწერლობა არამეულ დამწერლობას ეკუთვნის",- ამ სიტყვებით ხდება ინტერნეტ-ენციკლოპედიაში საქართველოს ისტორიის გაყალბება.
ამავე ენციკლოპედიაში საუბარია იმაზე, რომ სომხეთის მეფე სუმბატ პირველი XI საუკუნეში კლარჯეთს, ქართლს, კავკასიის ქედამდე და აზერბაიჯანს შანქორამდე აკონტროლებდა. რაც შეეხება სომხური ეკლესიის დამფუძნებელ გრიგოლ განმანათლებელს, ის მოხსენიებულია, როგორც ქართველთა, აფხაზთა და ალანთა განმანათლებელი.
შეგახსენებთ, რომ ეს დეზინფორმაცია დაიბეჭდა იმ ენციკლოპედიაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, უნივერსალურ ენციკლოპედიადაა ცნობილი. ის 1768-1771 წლებში ედინბურგში, შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი) გამოიცა და მას შემდეგ „ბრიტანიკამ" მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი საერთო ენციკლოპედიის სახელი მოიხვეჭა და დღესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საცნობარო წიგნად ითვლება.
დღეს ,,ბრიტანიკა" ეტაპობრივად გადადის ელექტრონულ ვერსიებზე, რომლებიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. ,,ბრიტანიკას" სტატიები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც კორექტული, გადამოწმებული, სანდო და გამართული. ის დღემდე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით. თუმცა, ქართული ანბანის შექმნაზე ინფორმაცია არც გადამოწმებულია და, რასაკვირველია, არც სანდო. როგორც მეცნიერები ამბობენ, ქართული ანბანის შექმნაზე ინფორმაცია ,,ბრიტანიკას" სომეხმა მეცნიერებმა მიაწოდეს, რათა მიზანმიმართულად გაეყალბებინათ საქართველოს ისტორია. დაუჯერებელია, ამ ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა არ იცოდნენ, რომ ქართული ანბანის შემქმნელი ფარნავაზ ქართველთა მეფეა.
საქართველოს ისტორიიის მანძილზე ცალკეული სომეხი მეცნერებისა თუ ისტორიკოსების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის გაყალბებას.
შორს რომ არ წავიდეთ და XXI საუკუნეს არ გავცდეთ, შეგვიძლია თანამედროვე სომეხი აკადემიკოსის, სურენ აივაზიანის სიტყვები მოვიშველიოთ, რომელიც ამბობს, რომ ზაქარია ფალიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, შოთა რუსთაველი და სხვა ცნობილი ქართველები ეროვნებით სომხები იყვნენ.
„ფიროსმანიანი კახელი სომეხი იყო. მაგ: სტალინის მამა ადელხანოვი იყო, ხოლო დედა გელაძის ქალი კი არა, გელიანი გახლდათ. მაშინ კახეთში 90 პროცენტი სომხები ცხოვრობდნენ, ეს მერე გააქართველეს ისინი. რა თქმა უნდა, ფიროსმანიანის ნახატები ქართული კულტურის კუთვნილებაა. კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ფალიანი იყო, ხოლო კოტე მარჯანიშვილი - მარჯანიანი. მაგრამ მათ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს. ილია ჭავჭავაძე ჭავჭავიანი იყო, თუმცა ის ქართულ ენაზე წერდა და თქვენს ლიტერატურას ამდიდრებდა. იგივე შეეხება შოთა რუსთაველსაც. მისი „ვეფხისტყაოსანი" სპარსული „შაჰ-ნამედან" სომხურად თარგმნა სომეხმა თავადმა სარქის თმკაბერციმ, რომელსაც თქვენ სარგის თმოგველს ეძახით და ეს ხელნაწერი, სახელად „ვაგრენაგორი", იერუსალიმში იყო, როგორც სომხური ხელნაწერი, შემდეგ ის ეჩმიაძინს აჩუქეს. ამის მერე ქართველებს ჩაუვარდათ ხელში და შოთა რუსთაველმა ის ქართულად გადათარგმნა. საერთოდ მასზე ამბობენ, რომ აშოტა ერქვა და სომეხი იყო წარმოშობით ჯავახეთის რუსთავიდან", - ამ სიტყვებით გვიყალბებს ისტორიას სომეხი აკადემიკოსი. ამ აკადემიკოსის სიტყვები სასაცილოა, მაგრამ ამავდროულად სატირალიც, რადგან მისი დემაგოგია სომხეთის საზღვრებს გასცდა და ალბათ, მომავალში არც ის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს ,,გასომხებული" ისტორია რომელიმე დიდ ენციკლოპედიაში ვიხილოთ.
რის საფუძველზე აყალბებენ საქართველოს ისტორიას სომეხი ისტორიკოსები და რით შეიძლება ვუპასუხოთ ამ დემაგოგიას, ,,პრესა.ჯი" ისტორიკოსს, არმენოლოგს, პროფესორ ბონდო არველაძეს ესაუბრა:
- ალბათ იცით, რომ ბრიტანულ ენციკლოპედიაში წერია, თითქოს ქართული ანბანის შემქმნელი სომეხი მოღვაწე მესროპ მაშტოცია. როგორც ცნობილია, ეს ინფორმაცია ენციკლოპედიას სომეხმა ისტორიკოსებმა მიაწოდეს. რის საფუძველზე ასკვნიან სომეხი ისტორიკოსები ამ ფაქტს?
- ეს არ არის ახალი ამბავი, ამაზე დიდი ხანია, რაც სომხები საუბრობენ. მსგავსი შინაარსის ტექსტი იტალიურ ენციკლოპედიაშიც წავიკითხე. მესროპ მაშტოცს რომ არ შეუქმნია ქართული დამწერლობა, ეს ყველამ იცის, თვით სომხებმაც, მაგრამ საპირისპიროს მაინც ჯიუტად ამტკიცებენ. ცნობილი ფაქტია, რომ მაშტოცმა ქართული არ იცოდა, აქედან გამომდინარე, ის ქართულ ანბანს ვერ შექმნიდა. მეტსაც გეტყვით, მესროპ მაშტოცს არათუ ქართული, თვით სომხური ანბანიც არ შეუქმნია, ის იყო უბრალოდ ამ ანბანის გადამწერი. V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კორიუნის თხზულებაში: ,,მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა" დაცულია ცნობა, რომ სომხური დამწერლობა შექმნა მესროპ მაშტოცმა, მანვე გამოიგონა ქართული და ალბანური დამწერლობები.
თუმცა, ივ. ჯავახიშვილმა დაწვრილებით შეისწავლა კორიუნის ზემოაღნიშნული თხზულება და მიუთითა, რომ კორიუნის შრომაში მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია მერმინდელი, კერძოდ, VI საუკუნის დამლევის ჩანართია.
- მიუხედავად ამისა, არის კატეგორია სომხებისა, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ არა მესროპ მაშტოცი, ქართველები დამწერლობის გარეშე დავრჩებოდით...
- რა თქმა უნდა, ბევრს სჯერა. რაც არ უნდა უმტკიცო მათ, რომ ეს ტყუილია, ამის გაგონებაც არ უნდათ. უფრო მეტიც, ისინი იმასაც ამბობენ, რომ ,,შუშანიკის წამება" სომხური ნაწარმოებია, რადგან იაკობ ცურტაველი სომეხი იყო. მათი თქმით, სომეხი იყო შოთა რუსთაველიც.
- ზოგიერთი სომეხი ისტორიკოსი ძირძველ ქართულ ტერიტორიებსაც გვედავება.
- ტერიტორიებსაც გვედავება და ეკლესიებსაც. არადა, სომხეთი XI საუკუნეში, როგორც სახელმწიფო, დაიშალა და დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონდათ, დიდი ხნის შემდეგ, 1918 წელს აღადგინეს დამოუკიდებლობა. სომეხი ერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად და ამიტომაცაა, მათი დიასპორა ასეთი ძლიერი რომ არის. სომეხი ისტორიკოსები მიზანმიმართულად აყალბებენ ქართულ ისტორიას და ყველაფერ ქართულს, რაც კარგი გვაქვს, სომხურად წარმოაჩენენ.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მათ ამ დემაგოგიას ვუპასუხოთ?
- უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, სიმართლეს ფარდას ახდის. ჩვენც უნდა ვწეროთ ამ თემებზე წიგნები და თუნდაც ენციკლოპედიები, რომელიც ინგლისურადაც უნდა ითარგმნოს. ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტსაიტ „ამაზონზე" განთავსებული იყო სვეტიცხოვლის ფოტო, რომელსაც თავზე უზარმაზარი ასოებით ეწერა - ARMENIA და სომხური მუსიკის დისკს უკეთებდა რეკლამას.
,,დროა, ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღაბოდ", - ეს არის ამონარიდი ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილიდან ,,ქვათა ღაღადი", რომელიც მან 1899 წელს გამოაქვეყნა და ზოგიერთი სომეხი ვაი-ისტორიკოსის მიერ ქართული ისტორიის გაყალბებას მიუძღვნა.
წყარო: presa.ge