logo_geo
eng_logo
ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ორი პირს პატიმრობა შეეფარდა
- +

7 ივნისი. 2020. 15:00

 

 

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელის და მამუკა გურჩიანის სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

 

დღევანდელ პროცესზე ორივე ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ არც ერთის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

 

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, მერაბ ხიდაშელის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.

 

„გირაოს შეფარდებას ვითხოვდით, რადგან ბრალდება იყო დაუსაბუთებელი, მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები კი ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ საკითხებს ვერ ჩაუღრმავდებოდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, არსებობს, მოწმეზე ზეწოლის საფრთხე და ამის გათვალისწინებით ტოვებს პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის VII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის III და IV ნაწილებით, ხოლო მ.ხ.-ს ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა. გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner