კადრი ფილმიდან „სტალინის ალმასები":
1945 წლის თებერვალი, იალტა, ლივადიის სასახლის ეზო. ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი საუბრობენ, მაგიდაზე ხილი და სასმელია. მათ უერთდება იოსებ სტალინიც.
სტალინი: „დღე მშვიდობისა, ბატონებო!"
ჩერჩილი: „მოხარული ვარ თქვენი ნახვით, მარშალო. ვიმედოვნებ, კარგ ხასიათზე ბრძანდებით".
სტალინი: „ზღვის ჰაერი, კარგი ძილი და სიზმარი, ფრონტიდანაც კარგი ამბები..."
ჩერჩილი: „ყირიმში ნამდვილად კარგი ჰაერია. მე ბავშვივით მეძინა. ბოლო თვეების მანძილზე პირველად ვნახე სასწაულებრივი სიზმარი..."
რუზველტი: „რას ლაპარაკობ... მართლა, კაცო?"
ჩერჩილი: „დიახ... წარმოიდგინეთ, მესიზმრა, რომ მსოფლიოს მბრძანებელი გავხდი... ჩემთვის, პრემიერ-მინისტრისათვის, ეს ცუდი არ იქნება..."
რუზველტი (იცინის): „წარმოუდგენელია, როგორი დამთხვევაა... უნდა ვაღიარო, რომ რაღაც მსგავსი მეც დამესიზმრა. მაპატიე, უინსტონ, მაგრამ ჩემს სიზმარში მე სამყაროს მბრძანებელი გავხდი".
ჩერჩილი (იცინის): „გილოცავთ, სერ... მაგრამ, თქვენ, ალბათ, ხუმრობთ..."
რუზველტი: „არა, ეს სრული სიმართლეა.... მისტერ მარშალო, თქვენ რა გესიზმრათ, იქნებ გვითხრათ?"
ჩერჩილი: „ჰო, მარშალო, თქვენ ხომ თქვით, კარგი სიზმარი ვნახეო?"
სტალინი (მცირე პაუზა, ბოთლიდან კონიაკს ასხამს და ეშმაკურად ამბობს): „დიახ, ძალიან კარგი სიზმარი ვნახე.... არცერთი თქვენგანი ახალ თანამდებობებზე არ დამიმტკიცებია".
ჩერჩილმა და რუზველტმა გადაიხარხარეს.