8 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიას შორის ტრადიციულ მჭიდრო ურთიერთობას და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის მაგალითზე და აღინიშნა გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარება ვირუსის წინაადეგ ბრძოლის პროცესში,რისთვისაც ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა.
ელჩმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გერმანიის ურყევი მხარდაჭერისათვის, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებაზე.
საუბრის ბოლოს, გერმანიის პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.