„საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, ქართული პირბადის წარმოების სამთავრობო პროგრამა გრძელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, მრავალჯერადი პირბადის წარმოების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტში დაიწყო, დღესაც მიმდინარეობს.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სამინისტრო 2 თვეა, რაც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან, რომელთაც, ჯამში, 1,8 მლნ ერთეულზე მეტი პირბადე გადასცა. აფთიაქებში აღნიშნული პირბადეები სუბსიდირებულ ფასად 50 თეთრად იყიდება. „ჩვენ პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ ყველა მსურველი ადგილობრივი წარმოების პირბადით მოვამარაგოთ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა საჯარო და კერძო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით საქართველოში ამოქმედდა არაერთი საწარმო, რომლებიც ერთჯერად სტანდარტულ პირბადეების ამზადებენ.
„საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების დიდი არჩევანია, რაც ძალიან მოსახერხებელია მომხმარებლისათვის,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, პირბადეების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება. „ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი პირები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ აღნიშნულ მოწყვლად პირებს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები უსასყიდლოდ გადაეცეს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.