საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დელტა“ ხდება საქართველოში მდებარე უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარების მქონე ფაბრიკის თანაპარტნიორი. მინისტრის განმარტებით, ეს არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ სხვა უწყებების პრობლემებსაც მოაგვარებს ხარისხიან ფორმებთან დაკავშირებით.
„ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. მე თავად შევხვდი რამდენიმე ადგილობრივ მწარმოებელს, რომელიც მეტ-ნაკლებად ხარისხიან უნიფორმას აწარმოებდა. მე მათ აღვუთქვი სრული დახმარება და ვუთხარი, რომ თუ ისინი დააკმაყოფილებენ ნატოსა და ამერიკულ სტანდარტებს, პირდაპირ გრძელვადიან თანამშრომლობაზეც კი ვიყავი მზად. სამწუხაროდ, ვადებში ვერ ჩაეტივნენ და ვერც ხარისხიანი პროდუქცია წარმოადგინეს, ამიტომ მომიწია შეკვეთა ნატოს წევრ ქვეყნებში - გერმანიასა და თურქეთში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია „დელტა“ საინტერესო შეთავაზებაზე მუშაობს, რომ გახდეს ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც აღჭურვილია უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარებით.
„კორონას კრიზისის გამო, ამ საწარმოს პრობლემები შეექმნა და წარმოება გაჩერდა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ „დელტა“ თანაპარტნიორი გახდეს და რაც მთავარია, ხარისხი იქნება გარანტირებული. 350 დატრენინგებული, იტალიელი დიზაინერების მიერ მომზადებული, მკერავი, მუშაობენ ქართველები. ეს ფაბრიკა საქართველოშია და აბსოლუტურად გამართულია“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ის უხარისხო სამხედრო ფორმის შესყიდვაში ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.
„იმდენად შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოვისმინე ე.წ ოპოზიციის მხრიდან, რომ ამაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი დამოკიდებულება ყველაზე საამაყო ინსტიტუტის, ჯარის მიმართ. ჩემგან უბრალოდ უხერხულია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული - ასეთი ეპითეტით მოიხსენიო ჯარი და შენი საამაყო ჯარისკაცები და მეორე დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ისინი არიან პატრიოტები. ეს ადამიანები არაფერზე არ ფიქრობენ, თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს. მე მათთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.