logo_geo
eng_logo
ცოდნის ადამიანის 4 ყველაზე დიდი მტერი
- +

20 ივნისი. 2016. 11:25

 

 

კარლოს კასტანედა. „დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა"

 

როცა ადამიანი სწავლას იწყებს, მან გარკვევით არასოდეს იცის თავისი მიზნების შესახებ. მისი ჩანაფიქრი - მცდარია, ხოლო განზრახვა - ბუნდოვანი. მას აქვს ჯილდოს იმედი, რომელსაც ვერასოდეს მიიღებს, იმიტომ, რომ არაფერი იცის სწავლების სიმძიმის შესახებ.

 

ის თანდათან სწავლაში ებმება - ჯერ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხოლო შემდგომ დიდი ნახტომებით და მალე გამოყეყეჩდება კიდეც. ის, რასაც იგი ისწავლის, არასოდეს დაემთხვევა მის მიერ დასახულს ან წარმოდგენილს და ამდენად მას შიში შეეპარება. სწავლა არასოდეს მოგცემს იმას, რასაც მისგან მთელი. ყოველი ნაბიჯი - ახალი ამოცანაა და განცდილი შიში შეუბრალებლად და განუდრეკლად გროვდება, ჩანაფიქრი ბრძოლის ველად იქცევა.

 

და ამგვარად, ის თავის პირველ ბუნებრივ მტარს ეჩეხება. შიშს! საშინელ მტერს - ვერაგს და ძნელად დასაძლევს. იგი ყოველ მოსახვევში იმალება, ინიღბება, ხელსაყრელ შემთხვევას უცდის. თუ ადამიანი შიშის უშუალო სიახლოვეს შეუშინდა და გაიქცა, მტერი მის ძიებებს ბოლოს მოუღებს.

 

-რა მოუვა ადამიანს,  თუ შიშმა გააქცია?

 

-მას არაფერი მოუვა, გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ იგი ვერასოდეს  ისწავლის. ვერასოდეს ვერ გახდება ცოდნის ადამიანი. ის შეიძლება ჯიუტად იქცეს, არაფრის დანახვა რომ არ სურს, ან უწყინარ, შეშინებულ კაცად - ნებისმიერ შემთხვვაში ის დამარცხებული დარჩება. მისი პირველი ბუნებრივი მტერი ყველა მის ზრახვებს ბოლოს მოუღებს.

 

-კი მაგრამ, რა უნდა იღონო, შიში რომ დაძლიო?

 

-პასუხი ძალიან უბრალოა. არ უნდა გაიქცე. უნდა მოერიო შენს შიშს და მის საპირისპიროდ შემდეგი ნაბიჯი გადადგა სწავლებაში, მერე კიდევ და კიდევ. არ უნდა გაჩერდე თუნდაც მთლიანად შიშით შეპყრობილი. ასეთია წესი! და დადგება წუთი, როცა შენი პირველი მტერი უკან დაიხევს. საკუთარი თავის რწმენას იგრძნობ. შენი განზრახვა კიდევ უფრო განმტკიცდება. სწავლება - შიშს აღარ მოგგვრის. ამ სასიხარულო წუთს ადამიანს უყოყმანოდ შეუძლია იმის თქმა, რომ მან თავის პირველ ბუნებრივ მტერს სძლია.

 

-ეს ერთბაშად მოხდება, დონ ხუან, თუ ნელ-ნელა?

 

-ეს ნელ-ნელა მოხდება, მაგრამ შიში მოულოდნელად და სწრაფად გაქრება.

 

-მერე ისევ ხომ არ შეეშინდება ადამიანს, რაღაც ახალი თუ შეემთხვა?

 

-არა, ერთხელ თუ მოსპე შიში, მისგან სიცოცხლის ბოლომდე გათავისუფლდები იმიტომ, რომ შიშის ნაცვლად სიცხადეს - გონების სიცხადეს შეიძენ, შიშს რომ ფანტავს. ამ დროისათვის ადამიანი უკვე იცნობს საკუთარ სურვილებს, იცის, როგორ დაიკმაყოფილოს ისინი. მას შეუძლია სწავლაში ახალი ნაბიჯების წინასწარგანჭვრეტა და ყველა მის საქმეს ცნობიერების მკვეთრი სიცხადე ახლავს თან. ადამიანს ესმის, რომ არაფერი დაფარული.

 

და ამგვარად იგი თავის მეორე მტერს ხვდება: სიცხადეს! ეს გონების სიცხადე, რომლის მოპოვებაც ასე რთულია, შიშს ფანტავს, მაგრამ ამასთან ერთად გაბრმავებს.

 

იგი გარწმუნებს, არასოდეს შეიტანო ეჭვი საკუთარ თავში და გინერგავს რწმენას იმისა, რომ რაც კი გსურს, ყველაფერი შეგიძლია აკეთო, ვინაიდან ყველაფერს ცხადად გამჭოლ ხედავ. და შენ მამაცი ხარ - იმიტომ, რომ ცხადად ხედავ და არაფერს მორიდები- იმიტომ რომ ცხადად ხედავ. მაგრამ ეს ყველაფერი შეცდომაა; მასში არის რაღაც დაუსრულებელი. თუ ამ მოჩვენებით სიძლიერეს აჰყევი, ეს იმას ნიშავს, რომ შენმა მეორე მტერმა დაგამარცხა და შენ ერთ ადგილს ტკეპნი მაშინ, როდესაც წინ უნდა ისწრაფოდე. შენ სწავლაში ზოზინა ხდები, სანამ სრულიად არ გამოიფიტები. უძლური, რაიმე ისწავლო.

 

-რა მოსდის ამგვარად დამარცხებულ ადამიანს, დონ ხუან. ის რა, კვდება?

 

-არა, არ კვდება. უბრალოდ იგი მეორე ნაბიჯმა შეაჩერა და მის მცდელობას, გახდეს ცოდნის ადამიანი, ჯვარი დაესვა. ამის ნაცვლად ის მხნე მეომრად ან ჯამბაზად იქცევა. ხოლო გონების სიცხადე, რომელიც მას ასე ძვირად დაუჯდა, სიბნელითა და შიშით უკვე აღარასოდეს შეიცვლება. მთელ ცხოვრებას, თავის აღსასრულამდე, იგი სიცხადეში გაატარებს, მაგრამ არასოდეს არც რამეს ისწავლის და არც რაიმეს ინატრებს.

 

-კი მაგრამ, რა უნდა ქნას მან, მარცხი რომ აიცილოს?

 

-უნდა ქნას იგივე, რაც შიშთან ბრძოლისას. მან უნდა აჯობოს საკუთარი გონების სიცხადეს და გამოიყენოს იგი მხოლოდ ხედვისათვიხს, მოთმინებით ელოდოს - ყველაფერი ზედმიწევნით გაზომოს და აწონოს, სანამ ახალ ნაბიჯს გადადგამდეს. რაც მთავარია, მან უნდა იცოდეს, რომ მისი გონების სიცხადე - თითქმის შეცდომაა და მოვა წუთი, როდესაც ის მიხვდება, რომ მისი სიცხადე იყო მხოლოდ თვალწინ გაჩერებული წერტილი. ასე დაძლევს იგი თავის მეორე ბუნებრივ მტერს და დაიკავებს პოზიციას. სადაც მას უკვე ვეღარაფერი ავნებს. ეს არ იქნება შეცდომა, ეს არ იქნება თვალწინ გაჩერებული წერტილი. ეს ჭეშმარიტი ძალა იქნება.

 

და სწორედ მაშინ იგი შეიცნობს, რომ ძალა, რომლისკენაც ის ამდენხანს ისწრაფოდა, უკვე მას ეკუთვნის და როგორც ისურვებს, ისე შეუძლია მისი გამოყენება. მოკავშირე მას ემორჩილება, მისი სურვილი - კანონია. იგი ყველაფერს ხედავს თავის გარშემო. მაგრამ ამასთან, ის თავის მესამე მტერს ეჩეხება - ძალას!

 

ძალა მის მტრებს შორის ყველაზე ძლევამოსილია და ბუნებრივია, ყველაზე ადვილი გზა  - მისთვის დათმობაა. სხვა თუ არაფერი, ადამიანი ხომ ახლა, მართლაც, მოუწყვლადია. ის მბრძანებლობს; ის იწყებს იმით, რომ წინასწარგაანგარიშებულ რისკზე მიდის და ამთავრებს კანონების დაწესებით იმიტომ, რომ ის ოსტატია.

 

ადამიანი ამ სტადიაზე იშვიათად თუ ამჩნევს თავის მესამე მტრის განუხრელ მოახლოებას და მოულოდნელად მისთვის შეუმჩნევლად, ის აგებს ბრძოლას. მტერი მას სასტიკ და ჭირვეულ მეომრად აქცევს.

 

-თუ კარგავს იგი თავის ძალას?

 

-არა. ის არასოდეს დაკარგავს არც გონების სიცხადეს და არც ძალას.

 

-მაშ რით განსხვავდება იგი ცოდნის ადამიანისაგან?

 

-ძალით დამარცხებული ადამიანი ისე მოკვდება, რომ ვერც კი შეიცნობს ჭუშმარიტად, როგორ მოეპყროს ამ ძალას. ძალა მხოლოდ მძიმე ტვირთია მის ბედისწერაში. ასეთ ადმიანს არ შესწევს საკუთარი თავის ფლობის უნარი და მან არ იცის, როდის და როგორ უნდა გამოიყენოს ძალა.

 

-რომელიმე მტრისგან მიყენებული მარცხი თუ იქნება საბოლოო?

 

-რა თქმა უნდა. იგი საბოლოოა. თუ კი ერთ-ერთმა მტერმა სძლია ადამიანს, მას უკვე ვერაფრით დაეხმარები.

 

-თუ შეიძლება. მაგალითად, რომ ძალით დამარცხებულმა დაინახოს საკუთარი შეცდომა და თავისი გზა გამოასწოროს?

 

-არა, თუ ადამიანი დანებდა, მისი საქმე წასულია.

 

-კი მაგრამ, თუ კი ძალამ ის მხოლოდ დროებით დააბრმავა და მერე მან მასზე უარი თქვა?

 

-ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბრძოლა ჯერ წაგებული არ ყოფილა და ისევ გრძელდება; იმას, რომ ის ჯერ კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი დამარცხებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მეტს აღარ ცდილობს და საკუთარ თავზე უარს ამბობს.

 

-კი მაგრამ, დონ ხუან, ხომ შეიძლება ადამიანი მიეცეს შიშს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ის მაინც დაამარცხოს.

 

-არა, ასე არ ხდება. თუკი მან შიშს დაუთმო, ის უკვე ვერასოდეს დაამარცხებს მას, იმიტომ, რომ თავს აარიდებს სწავლას და მას კვლავ აღარასოდეს მოსინჯავს. მაგრამ, თუ თავისი შიშის შუაგულში ის წლების მანძილზე კვლავ და კვლავ შეეცდება სწავლის გაგრძელებას, მაშინ ის ბოლოს და ბოლოს მას დაამარცხებს იმიტომ, რომ მას არასოდეს არ დანებდება.

 

-როგორ უნდა დაამარცხო შენი მესამე მტერი, დონ ხუან?

 

-იგი უნდა დაამარცხო ყურადღებით. ადამიანი უნდა მივიდეს იმის შეგნებამდე, რომ ძალა, რომელიც მან თითქოსდა დაიმორჩილა, სინამდვილეში არასოდეს მას არ ეკუთვნოდა. მან არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს საკუთარ ხაზს და ყველაფერს, რასაც კი შეიცნობს, ფრთხილად და კეთილსინდისიერად მოეპყროს. თუკი ის მიხვდება, რომ სიცხადე და ძალა საკუთრ თავზე კონტროლის გარეშე თვით შეცდომებზე უარესია, მაშინ ის მიაღწევს წერტილს, სადაც მისთვის ყველაფერი შეიკვრება. აქ მას ეცოდინება, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა და ამგვარად, იგი თავის მესამე მტერს დაამარცხებს.

 

ამასობაში ადამიანი სწავლის გზის დასასრულს მიუახლოვდება და თითქმის გაუფრთხილებლად, თავის უკანასკნელ მტერს შეეჩეხება. სიბერეს! ეს მტერი - ყველაზე სასტიკია. მტერი, რომელსაც საბოლოოდ ვერასოდეს დაამარცხებ, მას შეიძლება მხოლოდ უკან დაახევინო.

 

ამ დროისათვის ადამიანს აღარ აწუხებს შიში. გონების მოუთმენელი სიცხადე. მთელი მისი ძალა უკვე მასთანაა. მაგრამ სწორედ მაშინ იბადება დასვენების აკვიატებული სურვილი. თუკი ის დაწოლის და თავდავიწყების სურვილს სრულიად დაემორჩილა, თუ მთლიანად მიეცა დაღლილობას - იგი თავის უკანასკნელ ბრძოლას წააგებს და მტერი მას მოხუცსა და სუსტ არსებად გადააქცევს. დათმობის სურვილი მთელ მის სიცხადეს, მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას გადასძლევს.

 

მაგრამ, თუ ადამიანი თავის დაღლილობას დასძლევს და თავის ბედისწერას ბოლომდე გასტანს - მაშინ შეიძლება, მას ცოდნის ადამიანი უწოდო, თუკი ერთი უმოკლესი წამითაც იგი თავს დააღწევს თავის უკანასკნელ, უძლეველ მტერს! სიცხადის, ძალისა და ცოდნის ეს ერთი წამიც საკმარისია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner