მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4,8 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ნავარაუდებია ოთხპროცენტიანი ზრდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ პანდემიის გამო მიღებული ფისკალური ზომები მომდევნო წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს უტოლდება.
„ეს მოიცავს დამატებით სამედიცინო ხარჯებს, ტურიზმის სექტორის დახმარებას, დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნებას, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის გადასახადებზე დაწესებულ მორატორიუმს, კომუნალური გადასახდების სუბსიდირებას და ღარიბი მოქალაქეების სუბსიდიებს“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
ანგარიშის მიხედვით, პანდემიის გამო ტურისტული ნაკადის შემცირებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს ევროპისა და ცენტრალური აზრიის რეგიონში ყველაზე მეტად იგრძნობენ ალბანეთი, ხორვატია, საქართველო, მონტენეგრო და თურქეთი.
„სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკა, პანდემიისა და პროდუქციაზე შემცირებული ფასის გამო, 3,1 პროცენტით შემცირდება. 2021 წელს ეკონომიკის აქტივობა სავარაუდოდ სამ პროცენტამდე გაიზრდება“, – ნათქვამია ანგარიშში.