„მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ შიდსის შესახებ ცნობები ქვეყანაში არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან თურმე “დიად საბჭოთა კავშირში შიდსი არ არსებობდა”, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მოახერხა და საბჭოეთს “გამოსტყუა” ნებართვა ამ დაავადების შესახებ კვლევების ჩასატარებლად…
მოგვიანებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევების წყალობით გახდა შესაძლებელი ამ დაავადების დროული პროფილაქტიკა. როდესაც აღმოჩნდა, რომ შიდსი საბჭოთა კავშირშიც ისევე არსებობდა, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოს უკვე სერიოზული ნაშრომები ჰქონდა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
საქართველოს მაშინდელი შიდსის სამსახურის დამსახურება გახლდათ ის, რომ არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად ევროპაში, თავიდან ავიცილეთ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.
ამაზე, უფრო დეტალურად, ქვეყნის მთავარ ინფექციონისტთან ვრცელ ინტერვიუში მოგახსენებთ…
თენგიზ ცერცვაძე: არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, მთლიანად ევროპასა და მსოფლიოში, სწორედ ჩვენი შიდსის სამსახურის დამსახურებაა ის, რომ საქართველო არის იმ ძალიან მცირე ქვეყნების რიცხვში, ვინც შეძლო თავიდან აეცილებინა შიდსის მსხვილი, ფართომასშტაბიანი ეპიდემია. აქედან გამომდინარე, თავიდან ავიცილეთ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი.
თქვენ რომ გადახედოთ, მსოფლიოში, ევროპაში თუნდაც რუსეთში, უკრაინაში, რა ხდება ამ მხრივ, ნახავთ რომ საქართველო მათთან შედარებით არის დიდი გამონაკლისი, ოაზისი.
შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადმოგვეცა ჩვენ უმნიშვნელოვანესი ჯილდო – დოქტორ ლის პრემია. ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს. როგორც გითხარით, არა თუ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას არ აქვს მიღებული ასეთი ჯილდო.
…ეს მოხდა ჟენევაში, 2009 წლის 21 მაისს. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბელის სხდომაზე. ჟენევის, გაეროს ცნობილ სასახლეში. ამ ასამბლეის სხდომას 200-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც. იქ გადმოგვცეს ეს მაღალი ჯილდო. შემდეგ, საღამოს ჯანმო-ს ხელმძღვანელობამ გამართა სადილი, მიღება, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ამ ჯილდოსთან დაკავშირებით.
ძალიან დიდი აღიარება იყო. გააჩნია ჯილდოებს. ჯილდოები ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა წელიწადში ერთხელ, ერთ დაწესებულებას ან ერთ ადამიანს.
ჯერჯერობით, საქართველოს გარდა, ასეთი ჯილდო არ აქვს მიღებული აღმოსავლეთი ევროპის არცერთი ქვეყნის სხვა სამედიცინო დაწესებულებას, საუბარია არა მხოლოდ ინფექციური პროფილის დაწესებულებაზე, ონკოლოგიურზეც და კარდეოლოგიურზეც. ეს არის დოქტორ ლის პრემია, ეს ჯილდო ჩვენ გადმოგვცა ჯანმო-ს მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარგარეტ ჩანმა…
დღემდე ჩვენ ვინარჩუნებთ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს. ჩვენთან შიდსით გარდაცვალების შემთხვევა 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში.
თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის თავდაუდებელ შრომას უკავშირდება შიდსის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციაც.
თენგიზ ცერცვაძე: დიახ, ეს ერთ-ერთი ნაწილია მხოლოდ, შიდსის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენცია. ჩვენთან პრაქტიკულად ერთეული შემთხვევებია სულ დედიდან შვილზე გადაცემის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ორსული ქალი არ მოვიდა ორსულობის პერიოდში და არ გაესინჯა შიდსზე. ყველა ორსული უნდა გაიტესტოს შიდსზე, ზოგი უბრალოდ არღვევს ამას და არ მოდის.
ყველა ორსული, ვინც შიდსზე გამოკვლევა ჩაიტარა და აღმოაჩნდა ორსულს, შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობით, ყველამ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.
ჩვენთან, შიდსით ავადმყოფები ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ ბავშვებს. თუ ადრე, შიდსით ავადმყოფების სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 1 წელი, (მართალია შიდსი არ რჩება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ავადმყოფმა მუდმივად უნდა მიიღოს მედიკამენტები), ახლა, თანამედროვე მკურნალობა იძლევა საშუალებას, იმდენ ხანს იცოცხლოს, რამდენსაც არაშიდსიანი ცოცხლობს.
ამისთვის აუცილებელია ექიმთან მივიდეს დროულად, სანამ მას არ აქვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულება. თუ ის მოვა ადრეულ სტადიაზე, როდესაც მას მხოლოდ შიდსი აქვს და არა სხვა სასიკვდილო გართულება, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად შეუზღუდავია.
საქართველოში არავინ გრძნობს, რომ შიდსით ავადმყოფები არიან. ჩვენთან, შიდსით რეგისტრირებული 5 ათასი ადამიანია, დაახლოებით 9 ათასამდე სავარაუდო რიცხვია შიდსით ავადმყოფების, იმათი ჩათვლით, ვინც არ არის გამოვლენილი.
შიდსი განაჩენი არ არის. ჩვენთან გამოვლენილი შიდსით ავადმყოფების 86% იმყოფება მკურნალობაზე. 86% მკურნალობს აბსოლუტურად უფასოდ, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. ვინც მკურნალობაზე იმყოფება, მათგან 91%-ს ვირუსი სისხლში არ აქვს, რაც ნიშნავს რომ ცხოვრობს როგორც ჯანმრთელი ადამიანი. უბრალოდ მედიკამენტი უნდა მიიღოს ყოველ დღე. შიდსის პრობლემა საქართველოში კარგად არის მოვლილი და მოგვარებული. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, 2025 წლისთვის დავასრულოთ შიდსის ეპიდემია!
თქვენ იცით რომ ასევე აღებული გვაქვს ვალდებულება ც ჰეპატიტის ელიმინაციის. ელიმინაცია აღმოფხვრას ნიშნავს, შიდსზე ელიმინაცია არ გამოიყენება, ვინაიდან ის განკურნებადი არ არის. ანუ შიდსიანს ვერ განკურნავ. ვირუსი რჩება ორგანიზმში. ამიტომ ვამბობთ ჩვენ შიდსის ეპიდემიის დასრულება და არა აღმოფხვრა. ეს ნიშნავს, ყველას ვუმკურნალოთ და აღარ იქნეს შიდსის არცერთი ახალი შემთხვევა. ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ იმას, რომ 100%-ით მოვიცვათ მკურნალობა, რაც გამორიცხავს შიდსის გადადების შემთხვევას.
თუ 2025 წლისთვის გამოვავლენთ ყველა შიდსიანს და ვუმკურნალებთ, ეს ნიშნავს რომ შიდსის გადაცემა შეწყდება. ანუ გადაცემის წყარო აღარ იქნება. ამას ჰქვია დავასრულოთ შიდსის ეპიდემია.
დიდი ალბათობით ც ჰეპატიტის ელიმინაცია დაემთხვევა, რომელიც ალბათ, 2025 წლისთვის დასრულდება.
და, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დაძლევს ერთდროულად ორივე ეპიდემიას!