პანედმიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს, - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.
კრიტერიუმების შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
ამასთან, აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, დიპლომატიური წარმომადგენლობები ინტენსიურ კომუნიკაციას განაგრძობენ ევროკავშირის ქვეყნებთან ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შიგნით ჯერ ისევ გრძელდება მსჯელობა, მათ შორის მესამე ქვეყნებთან, ტურიზმის გახსნის თაობაზე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ, პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გადავადდა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და ცვლილების შესაბამისად მიიღებს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კი, უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა იქნება.
მთავრობის წევრების განცხადებით, შექმნილი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, რომელიც 15 ივნისიდან იხსნება და თითოეული მოქალაქის მხრიდან შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ქვეყნის ეკონომიკისა და სექტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.