საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, რომ პრეზიდენტი ადვოკატების გვერდით დგას როგორც პიროვნულად, ასევე ინსტიტუციებით, რომლებსაც ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და საკანონმდებლო სისტემა.
პრეზიდენტის თქმით, პირველი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც დედამიწაზე იქნა ჩადენილი მაშინ, როცა კაენმა მოკლა აბელი, მაშინაც საინტერესო იურიდიული მსჯელობა გაიმართა.
„როცა ღმერთმა მიუსაჯა სასჯელი ძმის მკვლელს, მას მიეცა უფლება ეთქვა, რომ ჩემი სასჯელი ძალიან მძიმეა და შემიმსუბუქე ეს სასჯელი, მომეცი გარანტიები, რომ გავაგრძელო ცხოვრება, თითქოს ადამიანის უფლებების დაცვის პრეცედენტი სწორედ აქ არის. როცა დამნაშავე არის განსჯილი უმაღლესი ძალის მიერ, მაინც ეძლევა უფლებები. იცით თქვენ, რომ კაენის მკვლელს შვიდჯერ მეტი მიეზღვება, ანუ ყველაზე პირველ დამნაშავესაც კი გააჩნია უფლებები, რომელიც უნდა იყოს დაცული და ამ ფილოსოფიასა და კონცეფციაზე არის აგებული ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და მის ყველა წევრს მადლობა გადაუხადა.
მარგველაშვილის თქმით, ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად და ღრმად მონაწილეობს ქართული საზოგადოების დემოკრატიული და სამართლებრივი კულტურის ფორმირებაში. მარგველაშვილმა ზაზა ხატიაშვილს თავისი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ადვოკატები არიან თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები. ამაში ძალიან ღრმა აზრი დევს. თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები თავისუფალ საზოგადოებაში უნდა იცავდნენ თავისუფალი ადამიანის ინტერესებს, ხოლო თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ შენ გაქვს შენი სიმართლე და ხედვა და შენ აღიარებ სხვათა სიმართლეს, სხვათა ხედვას, რომ ყველას ჰქონდეს აზრი და პროფესიულ-კვალიფიციურ დისკუსიაში ამტკიცონ თავიანთი აზრი. ამაში უდიდესი როლი თქვენ გაგაჩნიათ. საქართველოში არაერთხელ მომხდარა ადვოკატთა უფლებების შელახვის ფაქტი, არაერთხელ დასჭირვებია ბატონ ზაზას მტკიცება და პრინციპული პოზიციის დაცვა, რომ დაეცვა თავისი ასოციაციის წევრები და საზოგადოება ადამიანის უფლებების შელახვისაგან. პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადვოკატთა ასოციაციასთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ადვოკატის მოღვაწეობა და საქმე არის უმნიშვნელოვანესი და პრეზიდენტი ადვოკატების გვერდით დგას როგორც პიროვნულად, ასევე ინსტიტუციებით, რომელსაც ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და საკანონმდებლო სისტემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.