logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ნანახი არ ჰქონდეს ივან კრამსკოის ყველაზე ცნობილი „უცნობი ქალი“
- +

8 ივნისი. 2020. 19:19

 

 

 

„მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცთუნებლად“ - ეს სიტყვები უდევს საფუძვლად დღევანდელი იუბილარის უცნობილეს ტილოს „ქრისტე უდაბნოში“, რომლის სიუჟეტიც აღებულია მათეს სახარებიდან (4:1–11), როდესაც ნათლობის შემდეგ იესო ქრისტე მიდის უდაბნოში, 40 დღე მარხულობს და არაერთი ცთუნების გადალახვა უწევს: „... აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე“.

 

დააკვირდით კრამსკოის მიერ შექმნილი ქრისტეს სახესა და ხელებს, რომლებიც ბევრზე მეტყველებენ. ეს ის დღეებია, როდესაც ქრისტე დგება ზნეობრივი არჩევანის წინაშე... ასეთი დღეები კი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც დგება, თუნდაც ერთხელ... ეს ის დღეებია, როდესაც ყველას და ყველაფერს უნდა გაეცალო და მიიღო გადაწყვეტილება, საით წახვიდე... კრამსკოის შედევრზე ასახულია სწორედ ის მომენტი, როდესაც იესო ქრისტემ უნდა გადაწყვიტოს: როგორ გააგრძელოს ცხოვრება, რა აირჩიოს... ასეთ გზაჯვარედინზე ჩვენც არაერთხელ ვმდგარვართ და მომავალშიც დავდგებით...

 

ქრისტეს სახეზე იკითხება არა მხოლოდ ღრმა განცდები, არამედ მზაობა, რომ გააზრებულად შეუდგეს იმ ქვიან გზას, რომელიც გოლგოთაზე ადის... ქრისტეს სახეში უკვე იკითხება გოლგოთაზე ასვლის მზადყოფნა – სხვათა ცოდვების გამო.

 

კრამსკოის მიერ დაწერილი ხატები დაცულია მრავალ სინოდალურ ტაძარში.

 

რელიგიური თემატიკის მიუხედავად, კრამსკოი ითვლება რუსულ ფერწერაში რეალისტური მიმართულების ფუძემდებლად. მან შექმნა არაერთი შედევრი, მ/შ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო „უცნობი ქალი“, რომელზეც ასახულია თელავში დაბადებული ბარბარე თურქესტანიშვილი, რომლის პაპაც იყო მეფე ვახტანგ VI-ს მრჩეველი, ხოლო მამა გენერალი ილია თურქესტანიშვილი. ამ ისტორიაზე არაერთხელ გიამბეთ ჩემს ფბ-პოსტებში, ამიტომ დღეს ამით შემოვიფარგლები და ერთს დავამატებ, რომ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ნანახი არ ჰქონდეს ივან კრამსკოის ყველაზე ცნობილი „უცნობი ქალი“, რომლის მეშვეობითაც დიდმა მხატვარმა სამუდამოდ უკვდავყო ულამაზესი ქართველი ქალბატონის ბარბარა თურქესტანიშვილის სახე და სახელი.

 

უდიდესი რუსი ფერმწერი ივან კრამსკოი დაიბადა 1837 წლის 8 ივნისს. მან მოღვაწეობა დაიწყო რეტუშით, შემდეგ კი ხატწერაზე გადავიდა და 1860-66 წლებში 50–მდე ფრესკა. შექმნა. მანვე მოხატა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი.

 

ივან კრამსკოი გარდაიცვალა 1887 წელს, აორტის ანევრიზმით. იგი მუშაობის პროცესში გარდაიცვალა. მხატვარი ჯერ სმოლენსკში დაკრძალეს, 1939 წელს კი ტიხვინის სასაფლაოს ალექსანდრე ნეველის ლავრაში გადაასვენეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner