logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება და დასჯა, სახელმწიფოს უწევს ჩარევა იმისთვის, რომ დაიცავს ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა
- +

10 ივნისი. 2020. 20:29

 

 

 

ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება და დასჯა, თუმცა იქ სადაც აღარ რჩება სივრცე იმისთვის, რომ ადამიანი პასუხისმგებლობით მოიქცეს და დაექვემდებაროს წესებს, მაშინ სახელმწიფოს უწევს   ჩარევა იმისთვის, რომ დაიცავს სხვათა სიცოცხლე და სხვათა ჯანმრთელობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენისას, რომლითაც ახლებურად რეგულირდება პირბადეების ტარების და სხვა საკარანტინო-საიზოლაციო საკითხები.

 

 „ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კონორავირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ყველა ვიყოთ პოტენციური მსხვერპლი კონორავირუსის და შემდგომში ამან შეიძლება გამოიწვიოს გავრცელება, და ამ გავრცელებას მერე ვინ როგორ გააკონტროლებს ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილებაც გვიჩვენებს, რამდენად რთულია ამის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება, ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობით სჭირდება მიდგომა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის წესები, რომლებიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  მიერ, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით და, შესაბამისად, ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა მოახდინოს რეაგირება, თუმცა ეს რეაგირება არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ ამ რეაგირებას არ ჰქონდეს შედეგი და უკუეფექტი გამოიწვიოს.

 

 

მისივე განმარტებით, პოპულისტურია ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს სახელმწიფოს ახალი აკრძალვები შემოაქვს. მისი თქმით, ეს არის ტყუილი, ვინაიდან ეს აკრძალვები მოქმედებს დღეის მდგომარეობით, ახლა არ შემოგვაქვს, აკრძალვები მოქმედებს და განსაზღვრულია ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი იზოლაციის წესების ან კარანტინის დარღვევისთვის, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი, ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს ნორმა, რომელიც დღეს ასევე პირბადის არ ტარებისთვის ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას.

 

ეს ნორმები მივიღეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არ ვიცოდით როგორი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით და მაშინ საჭირო იყო მაქსიმალური სანქცია იმისთვის, რომ პრევენცია მოგვეხდინა.  მას შემდეგ, რაც ახალ ეტაპზე გადავედით და სახელმწიფომ მოხსნა მთელი რიგი შეზღუდვები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, უფლებრივი შეზღუდვები იყოს მაქსიმალურად ნაკლები, ამ გამოწვევის და ამ სტადიიდან გამომდინარე საჭიროა ადაპტირება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალკე დავარეგულიროთ პირბადეების საკითხი, ცალკე დავარეგულიროთ ტრანსპორტით გადაადგილების დროს პირბადის ტარების საკითხი, ცალკე იყოს სავაჭრო, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრის დროს პირბადის ტარების საკითხი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, ერთად ერთი ამოცანაა, ვინაიდან ქვეყანა ეტაპობრივ შეზღუდვების მოხსნაზე გადავიდა, ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებ ტვირთად დააწვეს ისეთი საკითხი, როგორიცაა პირბადის ტარების სავალდებულობა და თუ ვინმე უგულებელყოფს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში იქნება პირბადის გარეშე,  შემოთავაზებული ვერსია იყო 50 ლარი, თუმცა შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის გარეშე ყოფნა დიდი რისკის მატარებელია, მძიმე ტვირთად არ დააწვეს საზოგადოებასო, უმრავლესობა 20 ლარზე  შეჯერდა.

 

ვინაიდან დახურულ საჯარო სივრცეში მეტი რისკია ვირუსის გავრცელების, აუცილებელია პირბადის ტარება. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, არც ფიზიკური პირის, არც იურიდიული პირის. ჩვენი ამოცანაა - ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების, უფროსი თაობის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სიტუაცია შესაძლებელია არ დაექვემდებაროს კონტროლს, ამიტომ მოწოდებები ზოგ-ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, რომ ჩვენ თურმე აკრძალვებს ვაწესებთ, ეს არის სპეკულაციური და არ არის საზოგადოების ინტერესებზე მზრუნველი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner