„საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ასევე მსოფლიო ბანკს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით 2021-2023 წლებში. ასევე აღინიშნება, რომ მომდევნო წლებში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს პარამეტრების და ეკონომიკური ზრდის მავნებლები ძალიან სწრაფი ექნება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია ქვეყნის მთელი ბიუჯეტის გადალაგება, სხვადასხვა ხარჯვითი ნაწილის შემცირება, რის შედეგადაც პარლამენტში წარმოდგენილია ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს მეტ-ნაკლებად გადალახოს ეს კრიზისი და წლის ბოლოსთვის დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომლითაც დაიწყო 2020 წელი.
„ძალიან მტკივნეულია ის, რომ მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც წლის დასაწყისში ისტორიულ მინიმუმზე იყო - 5.1%, სამწუხაროდ გაგვიორმაგდება და დაგვაბრუნებს ძალიან ცუდ მაჩვენებელზე. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, რათა სწორად გავმართოთ ის პოსტკრიზისული გეგმა, რომელზეც არამარტო ქართველი ეკონომისტები, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სხვადასხვა ეკონომისტები მუშაობენ და რომელსაც სულ მალე წარვუდგენთ ჩვენ საზოგადოებას. ძალიან სწორად უნდა მოხდეს ახალი მიმართულებების განვითარება, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს 2021-2023 წლებში დავიბრუნოთ კი არა, პირიქით, უფრო გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისივე თქმით, პანდემიამ გლობალურ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა და ამ ფონზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნების.
„პანდემიის გამო, 2020 წელს, ევროზონას მთლიანად დაახლოებით - 9.1% ეკონომიკური ზრდა ექნება. იგივე შეიძლება ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და თუნდაც იაპონიაზე, რომელსაც ეკონომიკური ზრდა - 6.1% ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის უფრო მეტი, ვიდრე მათი, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება პანდემიის შესაძლო მეორე ტალღა და როგორი მომზადებულ დახვდება მას მსოფლიო“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.