logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის
- +

10 ივნისი. 2020. 20:44

 

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე ქვეყნების ფორუმის (FOSS) ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ქარტიის ხელმოწერის  75-ე იუბილეს მიეძღვნა.

 

შეხვედრაზე  დღევანდელ მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  როგორც ზალკალიანმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია,  მათი სიძლიერისა და სიდიდის მიუხედავად.

 

მისი თქმით, სულ ახალახან გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ აქვს.

 

მინისტრის თქმით, მრავალმხრივი თანამშრომლობა გაეროს ქარტიის მიმართ მტკიცე ერთგულებას ემყარება. ქარტიის პრინციპებისგან გადახვევა მსოფლიოს ქაოსსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს უქადის, თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ წინდახედულ სიფრთხილეს კი არა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, საქართველოში არსებულ სასტიკ რეალობას ასახავს.

 

როგორც ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,   რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  უკნონო ოკუპაცია სწორედ გაეროს ქარტიით განმტკიცებულ ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც კოვიდ-19-ის პანდემიამ და ვერც გაეროს გენერალური მდივნის  მოწოდებებმა ვერ შეაჩერა. ის კვლავ განაგრძობს უკანონო პროცესებს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რაც უკიდურესად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა“.

 

თუმცა, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ქმედებები ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლება. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, ჰიბრიდული ომი და კიბერ-შეტევები  რუსეთის არსენალში არსებული ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანად იყენებს.

 

რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, როგორც მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის. ამავდროულად,  რუსეთის აგრესიასთან გამკლავების ერთადერთ უალტერნატივო გზად  საქართველოს ხელისუფლება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულებას მიიჩნევს, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე მოიწოდა  საერთაშორისო თანამეგიბრობას  სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფას.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner