დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებულ ხუთ ახალ შემთხვევას სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, კვლევა მიმდინარეობს, თუ სად მოხდა დაინფიცირება.
„სავარაუდოდ, დამოუკიდებელი შემთხვევებია და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სად მოხდა მათი ინფიცირება, ჯერ კვლევაშია“, - განაცხადა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ხუთივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 827 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 690 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. 13 პაციენტი გარდაიცვალა.