„მიშა და ზოგადად, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, სოციალურად და კულტურულად, ჩვენი ქვეყნის მარგინალურ ნაწილს მიეკუთვნება, რადგან მათთვის უცხოა ყველაფერი ის, რაც ქართულ კულტურულ კოდს გამოხატავს, ამის კომპენსირება, მხოლოდ ძალაუფლების სადავეებთან ყოფნისას შეუძლიათ, ამიტომაა, ასე ხელაღებით რომ იბრძვიან მის დასაბრუნებლად. იმისთვის, რომ ქართული იდენტობა გაიმყაროს, სააკაშვილი იძულებულია, საგნობრივი მტკიცებულებები მოიხმოს, ის იმდენად არ გამოხატავს ქართველ ხალხს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც „მთავარ არხზე“ ერთვება, დაჟინებით უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო უყვარს, რომ საათზე ბაგრატის ტაძარი აქვს დაპრინტული, რომ გულზე საქართველოს რუკა ჰკიდია, რომ სმარტფონის ქეისზე ქართული გერბი აქვს დაკრული. ესაა მისი პერფორმანსი, მისი არტ ინსტალაცია, პოლიტიკური სტანისლავსკის მეთოდი, რომ დააჯეროს ქართველ საზოგადოებას, თითქოს მათიანია, მათთვის შრომობს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „POSTV“-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში საუბრობს.
ოდიშარია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული თვისება არტისტიზმია და საქართველოში ის ერთი პერსონაჟია, უკრაინაში - მეორე. ამის მაგალითად ანალიტიკოსი იხსენებს სააკაშვილის განცხადებებს, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან აუდიტორიის მიხედვით.
„როდესაც ქართულ აუდიტორიაზე მუშაობს, რუსეთის თავგადაკლული მტერია, პარალელურად კი, უკვე როგორც უკრაინის მოქალაქე, აცხადებს, რომ რუსეთთან მხოლოდ მშვიდობა სურს. უკრაინულ ტელევიზიებთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ჯაშუშების მოსმენასაც კი უშლიდა სპეცსამსახურებს, თუმცა, მისი მმართველობის პერიოდში გვისმენდნენ ყველას, მოქალაქის პირად ცხოვრებაში აგრესიულად ერეოდა სახელმწიფო და ამას შემდეგ შანტაჟის იარაღად იყენებდა“, - ამბობს ბაჩო ოდიშარია.
მისი თქმით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, გამხდარიყო უკრაინელი, რადგან მას საქართველოში ხალხმა ჩამოართვა ძალაუფლება, ძალაუფლების გარეშე კი მას არ გააჩნია არც ეთნოსი, თუმცა, ის არც უკრაინელმა ხალხმა მიიღო და ამის მაგალითია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 0.4 პროცენტი.
„მაქს ფრიშის რომანში „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ ერთი ფრაზა განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, ავტორი ტიტულოვან პერსონაჟზე საუბრისას ამბობს, იდენტობებს ისე ირგებდა, როგორც ახალთახალ პალტოსო. ასოციაციურად, ამ წინადადების განსხეულება ხდება ხოლმე ჩემ თვალწინ ყოველ ჯერზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საუბარს ვისმენ. ამ უკანასკნელს ერთი მყარი იდენტობა არ გააჩნია, ის ისეთივე ლიკვიდურია, როგორც წყალი, რა ჭურჭელშიც ჩაასხამ, იმ ფორმას იღებს. პრინციპში, მისი ყველაზე გამორჩეული თვისება არტისტიზმია, რადგან მარტივად შეუძლია რადიკალურად განსხვავებული პერფორმანსების შემოთავაზება. საქართველოში ის ერთი პერსონაჟია, უკრაინაში - მეორე. მიშა და ზოგადად, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, სოციალურად და კულტურულად, ჩვენი ქვეყნის მარგინალურ ნაწილს მიეკუთვნება, რადგან მათთვის უცხოა ყველაფერი ის, რაც ქართულ კულტურულ კოდს გამოხატავს, ამის კომპენსირება, მხოლოდ ძალაუფლების სადავეებთან ყოფნისას შეუძლიათ, ამიტომაა, ასე ხელაღებით რომ იბრძვიან მის დასაბრუნებლად. იმისთვის, რომ ქართული იდენტობა გაიმყაროს, სააკაშვილი იძულებულია, საგნობრივი მტკიცებულებები მოიხმოს, ის იმდენად არ გამოხატავს ქართველ ხალხს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც „მთავარ არხზე“ ერთვება, დაჟინებით უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო უყვარს, რომ საათზე ბაგრატის ტაძარი აქვს დაპრინტული, რომ გულზე საქართველოს რუკა ჰკიდია, რომ სმარტფონის ქეისზე ქართული გერბი აქვს დაკრული. ესაა მისი პერფორმანსი, მისი არტ ინსტალაცია, პოლიტიკური სტანისლავსკის მეთოდი, რომ დააჯეროს ქართველ საზოგადოებას, თითქოს მათიანია, მათთვის შრომობს. საუკეთესოდ ყველაფერ ზემოთქმულს მისი ეს ნათქვამი გამოხატავს, როდესაც უკრაინაში შემდეგი სიტყვებით მიმართა აუდიტორიას: „ყველა ქართველისგან განსხვავებით, მე არ ვიცი არც ცეკვა, არც სიმღერა და განსაკუთრებით სადღეგრძელოების თქმა, ამიტომ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი უკრაინელი“. მან გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო უკრაინელი, რადგან მას საქართველოში ხალხმა ჩამოართვა ძალაუფლება, ძალაუფლების გარეშე კი მიშას არ გააჩნია არც ეთნოსი, არც სხვა რამე იდენტობის მახასიათებელი. მიშა შეეცადა, გამხდარიყო უკრაინელი, მოერგო ეს ახალი როლი, თუმცა, ის არც უკრაინელმა ხალხმა მიიღო, რისი თვალსაჩინოებისთვისაც, შარშან იქ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მიშამ ხმების 0.4 პროცენტი მიიღო“, - აცხადებს ბაჩო ოდიშარია.
ოდიშარია მიხეილ სააკაშვილს მასხარა პოლიტიკოსს უწოდებს, რომელიც იცვლის იდენტობებს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება.
„ზღვის სამყაროში ბინადრობს ასეთი სახეობა, თევზი-მასხარა. ეს სახეობა მკაცრად იერარქიულია, იერარქიის სათავეში კი მდედრობითი სქესის თევზია. როდესაც ის კვდება, მამრი თევზი-მასხარა იცვლის სქესს, რომ იერარქიის მაღალ საფეხურზე აღმოჩნდეს. მიშა, როგორც მასხარა-პოლიტიკოსი, იცვლის იდენტობებს, რომ როგორმე ხელში ჩაიგდოს რაიმე ტიპის ძალაუფლება. მან ის დაკარგა ჩვენთან, გახდა უკრაინელი, დაკარგა იქ მოპოვებული ძალაუფლება, ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობაც და დარჩა სრულად დეზორიენტირებული. ახლა მისთვის მთავარია, რამეს ჩაებღაუჭოს, მისივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ საბოლოოდ არ ჩაირეცხოს, იძულებულია, დასჯერდეს უმნიშვნელო თანამდებობას, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეობას. ამ თანამდებობის შესახებ მისმა მოადგილემ, ალექსანდრ ოლშანსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას და სააკაშვილს არანაირი ბერკეტი არ აქვთ მინისტრთა კაბინეტსა და უმაღლეს რადაზე რომ გავლენა მოახდინონ და ისიც დასძინა, რომ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ჩემი ახლობლები ვერ ხვდებოდნენ მოელოცათ თუ სამძიმარი გამოეხატათო. ფეხბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ კამერუნელი ნახევარმცველი ერიკ ჯემბა-ჯემბა, რომელიც 2003 წელს შეიძინა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რადგან მოლოდინი ჰქონდათ, რომ გუნდს დაეხმარებოდა, თუმცა მან ნულოვანი სარგებელი მოუტანა „იუნაიტედს“ და „ოლდ ტრაფორდზე“ საშინელი თამაში აჩვენა. ის დღემდე პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შენაძენად ითვლება. შემდეგ ჯემბა-ჯემბა „ასტონ ვილაში“ გადავიდა, სადაც უფრო ცოტა სათამაშო დრო მისცეს და აქაც, მან სრულიად უსახური ფეხბურთი ითამაშა. ახლა კი კამერუნელი შვეიცარიის საფეხბურთო ლიგის მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს. სააკაშვილი პოლიტიკის ჯემბა-ჯემბაა, 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ხალხში არსებობდა მოლოდინი, რომ ის დემოკრატიულ პროცესებს წამოიწყებდა, თუმცა, შედეგად რეპრესიული სახელმწიფო აპარატი შეგვიქმნა. შემდეგ უკრაინაში გადავიდა ოდესის გუბერნატორის პოსტზე, საიდანაც კიდევ უფრო შერცხვენილი გამოაგდეს პოლიტიკური ასპარეზიდან, ახლა კი, ისეთ თანამდებობაზე დაინიშნა, რომელსაც შვეიცარიის მეხუთე დივიზიონის კალიბრის გავლენა და პრესტიჟი აქვს. თუმცა, ერთი სარგებელი, რაც შეიძლება ამ დანიშვნამ მოიტანოს, ისაა, რომ მიშას ხელფასი ექნება და აწი იმას მაინც ვეღარ მოგვატყუებს, დედაჩემი მიგზავნის საჭმლისა და ტანსაცმლის ფულსო“, - ამბობს ბაჩო ოდიშარია.