საგანგებო მდგომარეობა მივიღეთ პარლამენტში და ეს იყო აუცილებელი პირობა. კარგი შედეგი დავდეთ, მაგრამ შემდეგ უკვე გავთამამდით. აქამდე რომ საგანგებო მდგომარეობით გვეცხოვრა, ამის არც ეპიდსაჭიროება იყო და ეკონომიკურადაც ძალიან მძიმე იქნებოდა ეს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ჩვენ ჯანდაცვის შესახებ კანონი მივიღეთ, რომ არა საგანგებო მდგომარეობის აკრძალვებით გვეცხოვრა, არამედ უფრო მსუბუქი აკრძალვებით, მაგრამ კონტროლს მიღმა არ დარჩენილიყო ეს პროცესი. ამ დღეებში განვიხილავთ ნიღბების ტარების აუცილებელი მოხმარების წესს და საჯარიმო სანქციაც შემოვიტანეთ. 20 ლარი, ეს ის საჯარიმო სანქციაა, რომლითაც გვინდა, რომ თუკი ვინმე დაიზარებს, მან ყურადღება არ მოადუნოს და გარკვეული ვალდებულება იყოს, რომ მან ნიღაბი მოიხმაროს, რაც აზღვევს პირსაც და მისი მხრიდან სხვასაც, რომ ან უკუგებით არ იყოს ინფექციის გადაცემა, ან ამ პირმა არ გაავრცელოს. ჩვენ უნდა დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა. ვფიქრობ, 20 ლარზე მეტი ღირს როგორც საკუთარი ისე სხვისი ჯანმრთელობა“ - განაცხადა ხუნდაძემ.
„კრიზისულ ბიუჯეტზე როდესაც ვსაუბრობთ, შეგვეძლო დღესვე გამოგვეტანა მთელი ბიუჯეტი და მაგალითად გაორმაგებული დახმარება დაგვერიგებინა, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვემზადებით იმისთვის, რომ შესაძლოა მეორე ტალღა იყოს. ეპიდემიოლოგების უდიდესი ნაწილი ვარაუდობს მეორე ტალღას და ამიტომ ფინანსურადაც მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის. ჩვენ ასე გავწერეთ ბიუჯეტი. საქართველო არის მცირე ფინანსური რესურსის ქვეყანა, ინსტიტუციებიც უფრო ძლიერია ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ სწორად რომ დავგეგმეთ და საზოგადოებაც დამყოლი იყო, შედეგი, უფრო ძლიერი ქვეყნებისგან განსხვავებით პოზიტიურია. ეს არის ვირუსის ხასიათი, სადაც მას არ ითვალისწინებს და წესებს არ იცავენ, იქ ძალიან მძიმე შედეგს აყენებს. დავიცვათ წესები, ნიღაბი მოვიხმაროთ, ჰიგიენური წესები დავიცვათ და ფიზიკური დისტანცია, ხელის ჩამორთმევას და ხვევნა-კოცნას ცოტა ხანი მოვეშვათ“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.