საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", სადაც ეკონომიკის საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგება ბიზნესხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.
კონფერენციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება. შეხვედრას ასევე ესწრებიან ექსპერტები, მინისტრები.
გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იქნება შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ იმ საკითხებსა და პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანასა და ბიზნესში არსებობს, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში იყოს მომავალში და იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოში არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკაში.
მისივე თქმით, ზოგადად ასეთი ფორმის და მრავალმასშტაბიანი კონფერენცია რეალურად არ ჩატარებულა.
„ბევრი თემაა, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან. ამ შემთხვევაში მე ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, ინვესტორს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. ეს არის აბსოლუტურად ეკონომიკური ფორმატის შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ.
ერთ-ერთი თემა, რომლის დაყენებასაც ბიზნესასოციაცია შეხვედრაზე გეგმავს, არის ტურიზმი. ტურიზმი სწრაფად ვითარდება, თუმცა ამავდროულად, თუ სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურისთვის მეტი ყურადღების მიქცევა არ მოხდა, მაშინ შესაძლოა სერვისი დაეცეს", - განაცხადა ჭირაქაძემ და ამ კონტექტსტში რამდენიმე კვირის წინ ბათუმში ჩატარებული კონცერტი გაიხსენა, რომლის დროსაც, მისი თქმით, „საკვები და სასმელი გამოილია".
მისივე თქმით, ასევე საუბარი შეეხება ლარის კურსს, რომელიც არის მნიშნელოვანი და იმას, თუ რა არის გასაკეთებელი, რომ „კურსი შენარჩუნდეს და არ გაფუჭდეს".