სოფელ ლამისყანის სასოფლო ამბულატორიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.
დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბედ რუთმა და თავდაცვის ატაშემ საქართველოში პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ჯალაბაძემ.
ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, შემდეგ კი სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. აღნიშნული ამბულატორიით ლამისყანის მოსახლეობის გარდა, სარგებლობს გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხვითის მოსახლეობაც. ელიზაბედ რუთმა ამბულატორიას საჩუქრად ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები გადასცა.
სტუმრებმა დაათვალიერეს ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე-მუზეუმი და გაეცნენ სოფლის ისტორიას.