logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ამოცანაა, დეოკუპაცია მოვახდინოთ მშვიდობიანად, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს ქვეყნის დაცვის უნარი
- +

12 ივნისი. 2020. 18:56

 

 

 

„ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს ეროვნული ინტერესი. შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, იდეოლოგია, პოზიციები, მაგრამ სადაც საჭიროა, უნდა  ვიყოთ კონსოლიდირებული“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

 

 

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე კომიტეტის  წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები, უმეტესწილად, კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობენ.

 

„მაგრამ როგორც კი კამერების წინ მოხვდებიან ჩვენი ოპონენტები, უკვე პოლიტიკური მადა სძლევთ ხოლმე“, -აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

მისი შეფასებით, რეფორმები, რომელიც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წარმოადგინა, არის ძალიან ამბიციური.

 

„რიგ შემთხვევაში, ბატონმა ირაკლიმ ხელი მოჰკიდა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც აქამდე მთლიანად მივიწყებული იყო. საუბარია აბსოლუტურად ყველა ყაზარმის NATO-ს სტანდარტებამდე სრულ მიყვანაზე. ჩვენს ჯარისკაცებს უმაღლესი ხარისხის სამხედრო ფორმები და ფეხსაცმელი აცვიათ. ჩვენი ჯარისკაცები აღჭურვილნი არიან თანამედროვე, NATO-ს სტანდარტის შეიარაღებით.  ვმუშაობთ სამხედრო მრეწველობის კიდევ უფრო განვითარებაზე. საუბარია, ასევე, პროექტებსა და პროგრამებზე, რომელიც განათლებას შეეხება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP).

 

„უკვე 6 ბატალიონი მომზადდა. ეს არის უნიკალური პროგრამა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას გვიწევს. ეს პროგრამა იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის  გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს  ამოცანაა, დეოკუპაცია მოახდინოს  მშვიდობიანად. 

 

„მაგრამ მტერს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს უნარი, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner