logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ნებისმიერი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ
- +

12 ივნისი. 2020. 23:24

 

 

 

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს მიდგომაში პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულება იყო, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა ისე, რომ რისკი არ შევუქმნათ ადამიანის ჯანმრთელობას და ნებისმიერი, ამ ორი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

 

 

ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

 

 

 

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ  მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულების შემდგომ განვითარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პროცესების გაუმჯობესებას.

 

პრემიერმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რისი შედეგიც არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების თანმიმდევრული გაუმჯობესება, ასევე -ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ხელმძღვანელ ვლადიმირ შკოლნიკოვს.

 

გიორგი გახარიამ ისაუბრა Covid-19-ის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა თითოეული ნაბიჯი როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად დაბალანსებული ყოფილიყო.

 

საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული რისკების ქვეშ დააყენა ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული კომპონენტები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ. მოგეხსენებათ, ჩვენი ყველა ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი. ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი - ადამიანის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ აღორძინებასა და ადამიანის უფლებების სტანდარტის შენარჩუნებას შორის, დაწყებული უმცირესობებისათვის თავიანთ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით, დამთავრებული საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. იმ ფორმატებში, რომლებიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი საბჭოს და შტაბის ფორმით, ყოველდღიურად, მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას ვუზიარებდით ინფორმაციას, როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ასევე იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებობდა.  მზად ვართ, იქ, სადაც კრიტიკის აუცილებლობაა, შენიშვნები მივიღოთ, იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები დავსახოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ყოვლისმომცველ კვლევაზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს. კვლევის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის" შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ შესაძლო განმეორებითი ტალღის უფრო ეფექტურად მართვისთვის.

 

 

 

ეს იქნება უაღრესად ფართო კვლევა კრიზისის მართვის თვალსაზრისით, გლობალური პანდემიის და ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს. ეს იქნება, როგორც ეკონომიკური ასევე, ეპიდემიოლოგიური, იქნება ადამიანის უფლებების კონტექსტი, პირადი მონაცემების დაცვის კონტექსტი, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესის დაცვის პროცესი და სხვა ყველაფერი აისახება ამ ღრმა კვლევაში, რომლის იდეით მთავრობის ადმინისტრაცია გამოვიდა და იწყებს უახლოეს პერიოდში. აქაც, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

 

პრემიერმა სხდომის მონაწილეებს და ადამიანის უფლებათა სამდივნოს სამოქალაქო საზოგადოებასთან კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე ხაზი გაუსვა ამ პროცესში ინფორმაციის აქტიური გაცვლისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

 

გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

 

 

 

დუნია მიატოვიჩმა ყურადღება ადამიანის უფლებების როლის გაძლიერებაზე გაამახვილა.

 

პანდემიას ექნება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგები, მათ შორის მოიაზრება ეკონომიკური კრიზისი და მისი სოციალური ფაქტორები, რომლებიც ისე უნდა მოგვარდეს, რომ არ გააძლიეროს არსებული კრიზისის ისედაც უარყოფითი გავლენა ადამიანის უფლებებზე,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

 

 

 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, საბჭოს ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, რომ დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა.

 

დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა. ჯანდაცვის სფეროში გამოწვევები დარჩება და იგივე შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება პოლიტიკური კურსის შედეგად, რაც მოქალაქეებისადმი ნაკისრ პასუხიმგებლობასაც მოიცავს. ამდენად, ეს ორგანო უნიკალურად კარგად არის  წარმოდგენილი ამ საკითხების მოსაგვარებლად. გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას  გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ,“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

ევროკავშირის ელჩმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოს ძალისხმევას და ქმედით გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების და გენდერული თანასწორობის ნაწილში. კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

 

მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც  კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მივესალმებით, ასევე, ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია ,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

 

 

სხდომაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მონაწილეობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner