logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისთან მიმართებაში მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა
- +

12 ივნისი. 2020. 23:38

 

 

 

მინდა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მივულოცო წარმატებული ძალისხმევის განხორციელება Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისთან მიმართებაში, დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა,“ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

 

კარლ ჰარცელმა, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ქმედით გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების, აგრეთვე, გენდერული თანასწორობის ნაწილში. ევროკავშირის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

 

მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც  კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მივესალმებით, ასევე, ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

 

 

 

კარლ ჰარცელმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე.

 

ჩვენი ერთერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში უწყვეტი დახმარება უზრუნველვყოთ 2020 წლის შემდეგაც. ამ კონტექსტში, მინდა სამდივნოს დღემდე განხორციელებული სამუშაო შევაქო, სტრატეგიის და ახალი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის კონტექსტში. ეს არის ინკლუზიური პლატფორმა, რომელიც იმედია, უზრუნველყოფს ჯეროვნად მომართული მიზნებისა და ორიენტირების შესრულებას. ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავებისთვის მომდევნო წლებში,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას კრიზისის პერიოდში და მომავალშიც ასე იქნება.

 

გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას  გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ. თქვენ კონკრეტული ძალისხმევა გამოიჩინეთ ოჯახური ძალადობისგან ქალთა დასაცავად. პასუხისმგებლიან, დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებდით შშმ პირების დასახმარებლად, საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების  აღმოსაჩენად. ლგბტ თემის მხარდაჭერისა და დიალოგის მომსწრენიც გავხდით. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისა მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს. მეამაყება იმის თქმა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგომას განაგრძობს ამ კრიზისში და მომავალშიც ასე იქნება,“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მონაწილეობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner