ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეკონომიკური ფორუმის დაფუძნების იდეა მას ეკუთვნოდა და „საზოგადოება 2030"-მა განახორციელა.
„დღევანდელ წარმომადგენლობას თუ შევხედავთ, შეძლება ვთქვათ, რომ ძალას იკრებს ამ ტიპის ფორუმების გამართვა და აზრი ეძლევა. დღეს მე-7 შეხვედრაა და მიზანი ასეთი ტიპის ფორუმების დაფუძნების გახლდათ ის, რომ ეკონომიკის, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი, შეფასება არ გახლავთ იოლი. მმართველობის ის ტიპი, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ჩვენი პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ ეკონომიკასთან დაკავშირებით, მოითხოვს სწორ შეფასებებს. ეს იყო საფუძველი და ამავდროულად, ახალი იდეების მოწოდებაც შეიძლება ასეთი ტიპის ფორუმებზე. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რომ ფორუმებს დასწრებოდნენ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ და იმ ეკონომიკის მიმართ, რომელიც 2012 წლის შემდგომ დაფუძნდა. ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები, დღესაც რომ ვუყურებ, მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა, ძალიან იშვიათად ჩნდებიან, მაგრამ მე ყველას არ ვიცნობ და იქნებ, მაინც მოხერხდეს კრიტიკული შეფასება ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მოღვაწეობის და ზოგადად, ეკონომიკის შეფასება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.